ADB-ის სასურსათო უზრუნველყოფის დაფინანსება 2030 წლისთვის $40 მილიარდს მიაღწევს

ADB-ის სასურსათო უზრუნველყოფის დაფინანსება 2030 წლისთვის $40 მილიარდს მიაღწევს
დღეს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) განაცხადა, რომ გეგმავს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის სასურსათო და საკვებით მომარაგების გრძელვადიანი უზრუნველყოფისთვის დახმარება 26 მილიარდი აშშ დოლარით გაზარდოს, რითაც 2022-2030 წლებში სასურსათო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი ჯამური დაფინანსება $40 მილიარდს მიაღწევს.

დახმარება დააფინანსებს პროგრამას, რომელიც მოიცავს სურსათის წარმოების სრულ პროცესს — მოყვანასა და გადამუშავებიდან, დისტრიბუციასა და მოხმარებამდე. პროგრამის მიზანია მთავრობებისა და კომპანიების ფინანსური და სტრატეგიული მხარდაჭერით, დაეხმაროს აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონს მრავალფეროვანი და მაღალი კვებითი ღირებულების მქონე სურსათის წარმოებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, გარემოზე ზემოქმედების შემცირებასა და მდგრადი აგრარული მომარაგების ჯაჭვების ხელშეწყობაში.

“უპრეცედენტო გვალვები, წყალდიდობები, ექსტრემალური სიცხე და შემცირებული ბუნებრივი რესურსები ხელისშემშლელ პირობებს ქმნის სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის და საფრთხეს უქმნის სასურსათო უზრუნველყოფასა და სოფლის მეურნეობაში ჩაბმული მოსახლეობის შემოსავლებს.

ჩვენი გაზრდილი დახმარება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შიმშილის შემცირებაში, საკვების მრავალფეროვნების გაუმჯობესებაში, დაიცავს გარემოს და გაზრდის შესაძლებლობებს ფერმერებისა და აგრობიზნესისთვის. პროგრამა დააჩქარებს სურსათის ღირებულებათა მთელი ჯაჭვის ცვლილებას – საკვების მოყვანის, წარმოების, მომარაგებისა და მოხმარების ჩათვლით”, – განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ მილანში გამართულ ბანკის 58-ე წლიურ შეხვედრაზე.

ახალი ამბიცია ემყარება ADB-ის მიერ 2022 წლის სექტემბერში აღებულ ვალდებულებას 2025 წლისთვის $14 მილიარდის ინვესტიცია ჩადოს სურსათის უსაფრთხოების ხელშესაწყობად და რეგიონში საკვების კრიზისის შესარბილებლად. 2024 წლის ბოლოს ADB-ის გაღებული ჰქონდა $11 მილიარდი — ვალდებულების თითქმის 80%, რასაც 2025 წლის ბოლომდე დამატებით $3.3 მილიარდის დაგეგმილი ინვესტირება დაემატება.

დღეს გაცხადებული დამატებით $26 მილიარდის დაფინანსება შედგება ADB-ის მიერ მთავრობებისათვის გამოყოფილი $18.5 მილიარდიანი და კერძო სექტორისთვის გამოყოფილი $7.5 მილიარდიანი პაკეტებისგან. ADB-ის მიზანია 2030 წლისათვის კერძო სექტორის დაფინანსებამ შეადგინოს $40 მილიარდიანი პროგრამის 27%, რაც ხაზს უსვამს კერძო სექტორის გადამწყვეტ როლს სასურსათო სისტემების გარდაქმნაში.

“მსოფლიოს მასშტაბით არასრულფასოვანი კვების მქონე ადამიანების უმრავლესობა განვითარებად აზიაში ცხოვრობს. ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და საკვების ნაკლებობა ტვირთავს სურსათის სისტემებს, რომლებზეც მოდის მსოფლიო წყლის მოხმარების 70%, დასახლებადი მიწის 50% და ბიომრავალფეროვნების 80%-ის დაკარგვა. სასურსათო სისტემებში დასაქმებულია რეგიონის სამუშაო ძალის 40%.

სასურსათო სისტემების გარდაქმნის ხელშესაწყობად, პროგრამა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვის აგრარულ ღირებულებათა ჯაჭვს, რათა გაუმჯობესდეს მოწყვლადი მოსახლეობის წვდომა იაფ და ჯანსაღ საკვებზე. ის ასევე დააფინანსებს მიწის ხარისხის გაუმჯობესებას და ბიომრავალფეროვნების დაკონსერვებას, რაც მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებით, გარემოს დაბინძურებით, ხმელეთისა და წყლის ეკოსისტემების დაკარგვით გამოწვეული მზარდი რისკის ქვეშ მყოფი მაღალმწარმოებლური სოფლის მეურნეობისთვის. პროგრამა ხელს შეუწყობს ციფრული ტექნოლოგიებისა და ანალიზის განვითარებას, რათა გაუმჯობესდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესი ფერმერებისთვის, აგრობიზნესისა და სტრატეგიაზე მომუშავეთათვის”,- წერია ბანკის პრესრელიზში.

ADB ასევე აფუძნებს ბუნებრივი კაპიტალის ფონდს – დაგეგმილი $150 მილიონის შერეული დაფინანსების მექანიზმს – რომლის მთავარი ხელშემწყობი იქნება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი და სხვა პარტნიორებისგან მიღებული შემოწირულობები, მათ შორისაა სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უზრუნველყოფის გლობალური პროგრამა. ფონდი ხელს შეუწყობს ფერმერებისა და ინოვატორების აგრარული გზით წარმოებული საკვების განვითარების პროექტებს, რომლებიც მდგრადი მეთოდებით იცავს, აღადგენს და მართავს ბუნებრივ კაპიტალს ADB-ის განვითარებად წევრ ქვეყნებში.

ADB წამყვანი მრავალმხრივი განვითარების ბანკია, რომელიც მხარს უჭერს მდგრად, ინკლუზიურ და მედეგ ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მუშაობს რა წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 50 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *