დღეს, Air India-ს თვითმფრინავი, რომელიც 242 მგზავრით ლონდონის მიმართულებით მიფრინავდა, ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში ჩამოვარდა. როგორც Reuters ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი.
თვითმფრინავი, აფრენიდან მალევე, აეროპორტის მახლობლად, დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა და შენობას დაეცა, რომელიც ექიმების საერთო საცხოვრებელია.
პოლიციის ცნობით, 100-ზე მეტი ცხედარი, რომელთა უმეტესობა ძლიერ დამწვარი იყო, აუტოფსიისთვის ადგილობრივ სამთავრობო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„გავწმინდეთ ტერიტორიის თითქმის 70%-დან 80%-მდე და დანარჩენსაც მალე გავწმენდთ“, – განუცხადა პოლიციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს.
ინდოეთის ტელეარხმა CNN News-18-მა განაცხადა, რომ თვითმფრინავი სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის საერთო საცხოვრებლის სასადილო ზონას დაეცა, რასაც სამედიცინო სტუდენტის სიცოცხლეც შეეწირა.