ChatGPT-ს შეუძლია კოდის დაწერა, ელფოსტის შექმნა, შვებულების დაგეგმვაც კი. და, აი, ახლა, როგორც ჩანს ხელოვნურ ინტელექტს კიბოს გამოვლენაც შესძლებია.
40 წლის ქალი ამბობს, რომ ექიმებმა მისი სიმპტომები უგულებელყვეს, ხოლო ხელოვნურმა ინტელექტმა მასში საშიში დაავადება ამოიცნო.
2024 წლის თებერვალში, აშშ-ის მკვიდრმა ორი შვილის დედამ, ლორენ ბენონმა შენიშნა, რომ თითების მოხრა უჭირდა. მას ეს განსაკუთრებით დილაობით და საღამოობით ახასიათებდა.
რევმატოიდულ ართრიტზე კვლევების უარყოფითი შედეგის მიუხედავად, საბოლოოდ ექიმებმა ქალს მაინც ეს დიაგნოზი დაუსვეს.
დიაგნოზის შემდეგ ქალს მალევე მუცლის ტკივილები დაეწყო. მან ერთ თვეში 7 კილოგრამი დაიკლო. ექიმებმა ეს ყველაფერი მჟავა რეფლუქსს (კუჭის მჟავას უკუღმა მოძრაობა) მიაწერეს.
ხელოვნური ინტელექტის როლი დიაგნოზში
ექიმების პასუხებით უკმაყოფილო პაციენტმა OpenAI-ს ჩატბოტს მიმართა, რომელსაც აქამდე სამსახურისთვის იყენებდა.
ბენონმა ChatGPT-ს მიწერა, რომ რევმატოიდული ართრიტის მსგავსი სიმპტომები ჰქონდა. სიმპტომების გაზიარების შემდეგ, ჩატბოტმა ქალს უპასუხა, რომ მას შესაძლოა ჰაშიმოტოს დაავადება ჰქონდა და ურჩია, ფარისებრი ჯირკვლის პეროქსიდაზას ანტისხეულების (TPO) დონე შეემოწმებინა.
„მჭირდებოდა გამეგო, თუ რა ხდებოდა. თავს სასოწარკვეთილად ვგრძნობდი. ექიმებისგან საჭირო პასუხებს ვერ ვიღებდი”, – თქვა ბენონმა.
ჰაშიმოტოს დაავადება აუტოიმუნური მდგომარეობაა, რა დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა ფარისებრ ჯირკვალს თავს ესხმის, იწვევს ანთებას და საბოლოოდ ამცირებს მის ფუნქციას.
ქალმა ტესტი 2024 წლის სექტემბერში ჩააბარა და გაოგნებული დარჩა, როდესაც ჩატბოტის დიაგნოზი გამართლდა. მან ექიმებს ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაატარებინა, რის შედეგადაც კისერში ორი პატარა სიმსივნე გამოვლინდა.
ბენონი თვლის, რომ ChatGPT-ის დახმარების გარეშე ფარულ სიმსივნეს ვერასდროს აღმოაჩენდა, რადგან მას ჰაშიმოტოს დაავადების ტიპური სიმპტომები არ აღენიშნებოდა.
„ჩატბოტისთვის რომ არ მიმემართა, რევმატოიდული ართრიტის წამალს მივიღებდი და კიბო კისრიდან ყველგან გავრცელდებოდა”, – აღნიშნა ქალმა.
40 წლის ქალს 2025 წლის იანვარში კისრიდან ორი ლიმფური კვანძის ამოკვეთის ოპერაცია ჩაუტარდა. ახლა ის თავს კარგად გრძნობს.
შემთხვევას სამედიცინო ექსპერტებიც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ჩატბოტს მართლაც ბევრი რამ შეუძლია. მიუხედავად ამისა, მხოლოდ მასზე მინდობა არ შეიძლება და ყველანაირი დიაგნოზის გადამოწმება შესაბამის დაწესებულებებში უნდა მოხდეს.
ფაქტია, სწორედ ასე მოიქცა ბენონი და ახლა მას საფრთხე ნაკლებად ემუქრება.