ენერგოომბუდსმენის სამსახურში 2024 წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეების 84 განცხადება შევიდა.
ენერგოომბუდსმენის წლიური ანგარიშის მიხედვით, მათ შორის არის კოლექტიური განცხადებებიც, რომელიც ეხება მომხმარებელთა ფართო წრეს. ესენია რეგიონებში მოსახლეობის, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების (გაზიფიცირების) საკითხები, ტექნიკური და უსაფრთხოების საკითხები, საყოფაცხოვრებო ტარიფებით ანგარიშსწორება და სხვა საკითხები.
განცხადებების რაოდენობა კომპანიების მიხედვით ასე ნაწილდება:
- შპს „თბილისი ენერჯი“ – 44
- შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ – 22
- სს „საქორგგაზი“ – 13
- სს „თელავგაზი“ – 3
- შპს „ვარკეთილაირი“ – 1
- შპს „აკრიანი 2006“ – 1
ანგარიშის თანახმად, უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობა გარკვეულწილად უმჯობესდება და რაც მთავარია, წლების მიხედვით შემთხვევების საერთო რაოდენობა იკლებს. 2024 წელს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების სამოქმედო არეალებში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის აფეთქების, გაჟონვის, მოწამვლის (გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი ე.წ. „მხუთავი“ აირით (CO) ინტოქსიკაციის) შემთხვევები.
შპს „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, 2024 წელს განმავლობაში კომპანიის განაწილების არეალში (რომელიც მოიცავს დედაქალაქის უმეტეს ნაწილს) ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად დაფიქსირდა აფეთქების – 2 ფაქტი, რომლის შედეგადაც ფიზიკური დაზიანება არავის მიუღია. ასევე დაფიქსირდა მხუთავი აირისაგან (CO) სავარაუდო მოწამვლის – 22 შემთხვევა, გარდაიცვალა – 5 მოქალაქე. მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო 17-მა ადამიანმა.
შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ განაწილების არეალში კი, ანუ ძირითადად საქართველოს რეგიონების მასშტაბით (მსხვილი ქალაქების გამოკლებით) დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის აფეთქების – 1 შემთხვევა, მხუთავი აირისაგან (CO) მოწამვლის 2 შემთხვევა, რომლისგანაც ინტოქსიკაცია მიიღო 7-მა ადამიანმა. გარდაიცვალა – 3 ადამიანი.
ხოლო სს „საქორგგაზის“ განაწილების არეალში, რომელშიც შედის რუსთავი, ქუთაისი, გორი და სხვა მსხვილი ქალაქები, ბუნებრივი გაზისგან მოხდა აფეთქების – 4 შემთხვევა, რაც მძიმე შედეგებით არ დასრულებულა. მაგრამ, ამავე კომპანიის განაწილების არეალში 2024 წელს დაფიქსირდა მხუთავი აირისაგან (CO) მოწამვლის – 12 შემთხვევა, რომლის დროსაც გარდაიცვალა – 2 მოქალაქე.
“როგორც ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, მხუთავი აირით მოწამვლის ფაქტები საკმაოდ გახშირდა და ამ მხრივ კვლავ პრობლემურად რჩება რეგიონები და მსხვილი ქალაქები. მომხდარი ფაქტების ანალიზით დადგინდა, რომ უბედური შემთხვევები ძირითადად გამოწვეული იყო ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო დანადგარების (ღია წვის წყალგამაცხელებლების, ასევე სხვა დანადგარების) თვითნებური, ან არასწორი მონტაჟის შედეგად, ასევე, ტექნიკურად გაუმართავი და გაზის დანადგარების არასწორი ექსპლუატაციის შედეგად”,- წერია ანგარიშში.
ყველაზე მსხვილმა ბუნებრივი გაზის ლიცენზიატმა, შპს „თბილისი ენერჯიმ“ 2024 წლის განმავლობაში შეამოწმა 295 995 აბონენტი, რის შედეგადაც 4 239 აბონენტთან დააფიქსირა ტექნიკურ ნორმებთან და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობა. აქედან, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა 686 აბონენტს და 3 553 მომხმარებელთან ჩაიხსნა დარღვევით დამონტაჟებული გაზის დანადგარი. მეორე მსხვილმა ლიცენზიატმა, შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ შეამოწმა 516 737 აბონენტი, 38 619 აბონენტთან დააფიქსირა ტექნიკურ ნორმებთან და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობა. აქედან, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა 434 აბონენტს და 43 608 მომხმარებელთან ჩაიხსნა დარღვევით დამონტაჟებული გაზის დანადგარი. სს „საქორგგაზმა“ 2024 წლის განმავლობაში განახორციელა 287 484 აბონენტის შემოწმება, საიდანაც 28 762 აბონენტთან დააფიქსირა ტექნიკურ ნორმებთან და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობა. აქედან, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა 698 აბონენტს და 33 386 მომხმარებელთან ჩაიხსნა დარღვევით დამონტაჟებული გაზის დანადგარი.
რაც შეეხება ახალი აბონენტების სტატისტიკას, 2024 წელს შპს „თბილისი ენერჯის“ ოფისებში გაზიფიკაციის მოთხოვნით შევიდა 6 789 ინდივიდუალური და ერთობლივი განაცხადი. განაცხადების გარკვეული რაოდენობა დახარვეზდა (განაცხადის არასრულყოფილების, ან დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის გამო). აქედან, ამავე წელს დასრულდა – 3 138 განაცხადი. სს „საქორგგაზის“ განაწილების არეალში საანგარიშო წელს დარეგისტრირდა 7 161 ახალი ინდივიდუალური განაცხადი. აქედან, ორზე მეტი აბონენტის მიერთების მოთხოვნით (ანუ მრავალბინიანი) – 56 განაცხადი. წლის ბოლოსთვის დასრულდა – 6 678 მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება. შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ განაწილების არეალში 2024 წელს დარეგისტრირდა 19 858 ახალი ინდივიდუალური განაცხადი, აქედან, ორზე მეტი აბონენტის მიერთების მოთხოვნით (ანუ მრავალბინიანი) – 207 განაცხადი. 2024 წლის მდგომარეობით დასრულდა – 19 538 მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება.