ფარმაცევტული კომპანიები ჭარბწონიანობის საწინააღმდეგო GLP-1 მედიკამენტის ბაზარზე დომინანტური პოზიციების მოსაპოვებლად ცდილობდნენ ისეთი პრეპარატის შექმნას, რომელიც შპრიცის გამოყენებას არ საჭიროებს. Eli Lilly-ის ახალი გამოგონება მნიშვნელოვნად ზრდის ზეწოლას Novo Nordisk-ზე, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც წლის დასაწყისიდან დღემდე თითქმის სამჯერაა შემცირებული.
ტესტირების ფარგლებში, Lilly-ის ყოველდღიური მოხმარების ტაბლეტი მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებს შაქრის დონის შემცირებასა და წონის კლებაში დაეხმარა და იგივე დონის უსაფრთხოება გამოავლინა, როგორც უკვე ბაზარზე უკვე არსებულმა მედიკამენტებმა. ყველაზე მაღალი დოზით, 40-კვირიან პერიოდში წონის 7.9%-იანი კლება დაფიქსირდა წონის “გაყინვის” გარეშე, რაც აჩვენებს, რომ კლების უფრო მაღალი შესაძლებლობაც არსებობს. გვერდითი მოვლენები გამოვლინდა პაციენტთა 8%-ში, რომლებმაც მედიკამენტით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის პრობლემები “მსუბუქი” და “ზომიერი” დონით შეაფასეს.
მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატმა წონაში კლების მიზნები შეასრულა, დიაბეტის შემთხვევაში ამოცანა ვერ გადაიჭრა. პაციენტებში გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1c) დონე საწყისი 8%-დან 1.3-1.6%-ით შემცირდა, რაც მოსალოდნელზე დაბალი მაჩვენებელია. Novo Nordisk-ის Ozempic-ის შემთხვევაში შედეგი -1.8%-დან -2.1%-მდეა.
ჭარბწონიანობის საწინააღმდეგო მედიკამენტებმა Novo Nordisk-სა და Eli Lilly-ის უკვე მოუტანეს მილიარდობით დოლარის შემოსავალი. მაშინ, როცა Pfizer-ის მსგავსი ფარმაცევტული კომპანიები გამოწვევების წინაშე დგანან, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეფექტური ორალური პრეპარატების შექმნა სრულად გახსნიდა იმ ბაზრის პოტენციალს, რომლის ზომამაც ათწლეულის ბოლომდე, შესაძლოა, $130 მილიარდს მიაღწიოს.