განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ENQA-ს მიერ 2023 წელს მომზადებულ შეფასებაში დამოუკიდებლობის კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა, რის გამოც გასული წლის ბოლოს EQAR-ის რეგისტრაცია შეუჩერდა. უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში [EQAR] საქართველოს ახლა უკვე ყოფილი წევრის სტატუსი აქვს.
განათლების მკვლევარი ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანია საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისთვის და გავლენას მოახდენს სამედიცინო განათლების დიპლომების ევროპულ სივრცეში აღიარებაზეც.
საქართველოში გაცემულ სამედიცინო განათლების დიპლომს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია, იგივე WFME აღიარებს და მას ENQA-სთან კავშირი არ აქვს, თუმცა როგორც შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში [EQAR] საქართველოს წევრობის დაკარგვას პირდაპირი არა, თუმცა ირიბი გავლენა ამ ორგანიზაციის წევრობაზეც ექნება.
“მედიცინის მიმართულებით არსებობს მსოფლიო სამედიცინო განათლების ფედერაცია, რომელიც არის აგრეთვე ამღიარებელი სამედიცინო განათლების. საქართველო არის ამ ორგანიზაციის წევრი.
რეპუტაციული ზიანი, რომელიც ჩვენ შეიძლება მოგვადგეს EQAR-ის რეესტრიდან ამოღების და ENQA-ს წევრობის შეჩერებით, თავისთავად გავლენას იქონიებს მსოფლიო სამედიცინო განათლების მიმართულებაზეც და ამ თვალსაზრისით სხვა რისკფაქტორებიც გვაქვს. იგივე რისკფაქტორებია, რომ კი ვართ აღიარებული სამედიცინო განათლების მიმართულებით, თუმცა ხშირ შემთხვევაში სალიცენზიო გამოცდებზე შედეგები მთლად დამაკმაყოფილებელი არ არის.
ერთის მხრივ რეპუტაციული ზიანი და სანდოობა, რომელიც EQAR-ის და ENQA-ს გაწევრიანებას უკავშირდება, მეორეს მხრივ ლიცენზირებაში ნაჩვენები ცუდი შედეგები შეიძლება იმდენად დიდი ზიანის მომტანი იყოს, რომ დღეს მიღებულმა შემოსავალმა ვერ გადაფაროს ის ზიანი, რომელიც ჩვენს უმაღლეს განათლებას შეიძლება მიადგეს”,-აცხადებს შალვა ტაბატაძე.
რა კეთდება დაკარგული სტატუსის აღსადგენად და ევროპული ორგანიზაციის წევრობის დაკარგვით შესაძლო ნეგატიური შედეგების პრევენციისთვის, ამაზე განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი და თავად სამინისტრო ჯერ მკაფიოდ არ საუბრობს. ცოტა ხნის წინ ჩვენთვის გამოგზავნილი ინფორმაციიდან ცნობილი გახდა, რომ ქართულის მხარე ევროპული ორგანიზაციიდან გადაწყვეტილებაში მითითებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ფოკუსირებული შეფასების განხორციელებას ითხოვს.
რაც შეეხება საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების აღიარებას, განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის წევრობის მიმართულებით არაფერი შეცვლილა და ამ ორგანიზაციის აღიარებას დღემდე ფლობენ.