“Erasmus+”-ის და Horizon Europe-ის გრანტებისთვის “ოცნების” მთავრობის თანხმობა აღარ იქნება საჭირო – ცვლილება

“Erasmus+”-ის და Horizon Europe-ის გრანტებისთვის “ოცნების” მთავრობის თანხმობა აღარ იქნება საჭირო – ცვლილება
გრანტების შესახებკანონში „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ორ ფლაგმანურ პროგრამაში — „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) დაერასმუს+“-ში მონაწილე ორგანიზაციებისთვის გრანტის მიღება მთავრობის წინასწარ თანხმობას აღარ დაექვემდებარება.

როგორც საკითხზე მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განმარტა, მთავრობისგან თანხმობის მიღების ვალდებულებას აღარ დაექვემდებარება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტებიც.

ამასთან, ცვლილების მიხედვით, გრანტის ცნების შესახებ ჩანაწერიც ზუსტდება. კერძოდ, მათ შორის, ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია, ასევე მიჩნეული იქნება გრანტად. გარკვეული ტექნიკური დაზუსტებებია გრანტის ფარგლებში გაცემული სახსრების გამოყენების სფეროებთან მიმართებითაც, რომელიც უკავშირდება ჰუმანიტარულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს და აგრეთვე, ზუსტდება გრანტის გამცემის სუბიექტების ნუსხა.

საკანონმდებლო ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილეს. მას დღეს პარლამენტმა 84 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი.

ცნობისთვის, აქამდე არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს+ (Erasmus+) ფარგლებში გაცემული გრანტები მთავრობის შესაბამის თანხმობას საჭიროებდა.

„საქართველო ახორციელებს რა აღნიშნული პროგრამების განხორციელებისთვის გარკვეულ კონტრიბუციას (ფულადი შენატანების სახით), ამავე პროგრამების ფარგლებში გაცემული გრანტები ნაკლები რისკის შემცველად შეიძლება ჩაითვალოს სუვერენიტეტის შელახვის, პოლიტიკური ინტერვენციის ან უსაფრთხოების რისკებს თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე, ამ პროგრამებზე მიზანშეწონილია საგამონაკლისო წესის გავრცელება“, – აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

„ოცნების“ პარლამენტის მიერ „გრანტების შესახებ“ კანონში აპრილში მიღებული ცვლილებების მიხედვით, საგამონაკლისო წესი ვრცელდება ასევე საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გაცემულ გრანტებზე, საქართველოს ფარგლების გარეთ ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებაზე.

შეგახსენებთ, 2025 აპრილში წელს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველოში გრანტის მიღება მხოლოდ მთავრობის ან მისი მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს წინასწარი თანხმობით არის შესაძლებელი. რეგულაციის დარღვევა გამოიწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას როგორც გრანტის გამცემის, ისე მიმღების მიმართ.

მონიტორინგის და კონტროლის უფლებამოსილება ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს მინიჭებული. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი აღნიშნულ რეგულაციას საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსებული აქტივობების შეზღუდვის მცდელობად აფასებენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *