როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქმედება, რომელიც განხორციელდა ქართული ხელისუფლების თანხმობის გარეშე, წარმოადგენს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთ ნაბიჯს.
„ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში რეგულარული კომერციული სამგზავრო რეისების დაწყების შესახებ. ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე და სოხუმის აეროპორტისთვის საჭირო საერთაშორისო საავიაციო კოდის არარსებობის პირობებში, რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვიდან ბოლო 30 წელიწადში პირველი ფრენა 1 მაისს შესრულდა.
ეს იყო პირველი რეგულარული ავიარეისი რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 1993 წლის შემდეგ.
ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა სოხუმის აეროპორტის გახსნის შესახებ განაცხადა. ე.წ. გახსნის ცერემონიას, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო ესწრებოდა.