EU-ის გაფართოების [2030 წლის] ტალღაში თუ არ მოვხვდით, შემდეგ ძალიან რთული იქნება – ნატა საბანაძე

EU-ის გაფართოების [2030 წლის] ტალღაში თუ არ მოვხვდით, შემდეგ ძალიან რთული იქნება – ნატა საბანაძე
„ვფიქრობ, EU-ის შემდეგი გაფართოება არ იქნება… ძალიან დიდი შანსია, რომ [2030 წელს] იყოს ევროკავშირის გაფართოების ბოლო ტალღა და ამ ტალღაში თუ არ მოვხვდით, მგონია, რომ მატარებელმა ჩაიარა და შემდეგ ძალიან რთული იქნება“ – ეს განცხადება BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ნატა საბანაძემ, ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გააკეთა.

დიპლომატი გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ყოფილი ელჩის პაველ ჰერჩინკის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „თუ ტრაექტორია არ შეიცვლება, სავარაუდოდ, საქართველო ხელიდან გაუშვებს შესაძლებლობას, EU-ის მომდევნო გაფართოების ნაწილი გახდეს.

ნატა საბანაძის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირს დაშორებოდა.

„პარადოქსული ის არის, რომ იყო დრო, როცა საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ ჰქონდა და მათ შორის „ქართული ოცნების“ პირობებში ყველაფერს ცდილობდა ქვეყანა, რომ დაახლოებულიყო ევროკავშირთან, რაღაც ნაბიჯები გადაგვედგა და ა.შ. და როგორც კი გამოჩნდა რეალური შანსი – ქვეყანამ მიიღო პერსპექტივა, მიიღო კანდიდატის სტატუსი, აბსოლუტურად შემოტრიალდა „ოცნების“ პოზიცია და სრულიად საპირისპირო გახდა.

ამდენად, თავისთავად პარადოქსია ბატონი შალვა პაპუაშვილის საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირს დაახლოებოდა; რეალურად, ყველაფერი გააკეთეს ამ ბოლო 2-3 წელის განმავლობაში, რომ დაშორებოდა.

თქვენ ახსენეთ, პაველ ჰერჩინსკის განცხადება ევროკავშირის გაფართოების საკითხზე, რომ შესაძლოა, საქართველომ ხელიდან გაუშვას შანსი, გახდეს EU-ის მომდევნო [2030] გაფართოების ნაწილი გახდეს… რეალურად ამის მერე იქნება თუ არა გაფართოება, არავინ იცის. ვფიქრობ, შემდეგი გაფართოება არ იქნება. ძალიან დიდი შანსია, რომ ეს იყოს გაფართოების ბოლო ტალღა და ამ ტალღაში თუ არ მოვხვდით, მგონია, რომ მატარებელმა ჩაიარა და შემდეგ ძალიან რთული იქნება [გაწევრიანებაზე] საუბარი იმის გათვალისწინებით, როგორი სისწრაფით მიმდინარეობს გლობალური ცვლილებები და ევროკავშირის პოზიცინირება ამ ცვლილებებთან მიმართებით.

ამდენად, აშკარაა [ოცნების] გადაწყვეტილება – როგორც კი გაჩნდა რეალური პერსპექტივა [საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების] ეს არ გამოვიყენოთ და ამავე დროს მიდის ამის უარყოფა“, – განაცხადა ნატა საბანაძემ.

“წერტილთან“ ინტერვიუში საქართველოში ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა ვრცლად ისაუბრა ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკის გაღრმავებაზე, რომლის შედეგია საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭება.

“რეალურად, საქართველოს დასავლეთის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობები გაყინული აქვს. ევროკავშირთან კი, ასეთი რთული ურთიერთობები ჩვენ არ გვქონია, რაც თავისთავად პარადოქსულია, რადგან კანდიდატი ქვეყანა ვართ და იმის ნაცვლად, რომ ყველაზე ღრმად და მაღალი ტემპით მიდიოდეს ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, ყველაფერი პირიქით ხდება“, – თქვა მან.

ნატა საბანაძემ ასევე შეაფასა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადება „ოცნებასთან“ დიალოგის აღდგენის თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს იყო კიდევ ერთხელ „ხელის გაწოდება“ დიალოგის აღდგენისკენ, რადგან „ევროკავშირს არ სურს საქართველოს დაკარგვა“.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *