EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცა – რას მოიცავს?

EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცა – რას მოიცავს?
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე შეთანხმდა – ამის შესახებ უცხოური მედია უფლებამოსილ პირებზე დაყრდნობით წერს.

სანქციების ახალი პაკეტი მიზანში იღებს 200-მდე რუსულ გემს “ჩრდილოვანი ფლოტიდან”, 75 კომპანიას, რომლებსაც სანქციების დარღვევა ედებათ ბრალად, და რუსულ სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსთან დაკავშირებულ 75 პიროვნებას.

რუსეთი “ჩრდილოვან ფლოტს” დასავლური სანქციებისთვის თავის არიდებისთვის და ნავთობის G7-ის ქვეყნების მიერ დაწესებულ ფასზე ძვირად გასაყიდად იყენებს. ევროპული ქვეყნების ნაწილი ფლოტს საბოტაჟთან და ჯაშუშობასთანაც აკავშირებს.

ევროკავშირის სანქციები გავრცელდება დეზინფორმაციის გავრცელებაში მხილებულ 20-მდე კერძო პირზე და 20-მდე მოსამართლესა და პროკურორზე, რომლებიც რუსი ოპოზიციონერების, ალექსეი ნავალნისა და ვლადიმირ კარამურზას საქმეში ფიგურირებენ.

ბრიუსელი ამკაცრებს შეზღუდვას იმ ნივთიერებებზეც, რომლებიც რაკეტების წარმოებაში გამოიყენება.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ბოლო, მე-16 პაკეტი 24 თებერვალს მიიღო. ევროპის ცალკეული ქვეყნები, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აანონსებენ, იმ შემთხვევაში თუ კრემლი ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის უპირობო შეთანხმებას არ დასთანხმდება.

15 მაისს რუსეთსა და უკრაინას შორის, ომის დაწყების შემდეგ პირველად, პირდაპირი მოლაპარაკებები თურქეთში გაიმართება. უკრაინას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წარმოადგენს, კრემლს კი ამ დრომდე არ დაუდასტურებია, ვინ იქნება რუსეთის წარმომადგენელი და იქნება თუ არა ის თავად ვლადიმერ პუტინი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *