სოციალურ ქსელში, განცხადებები გამოაქვეყნეს საელჩოებმა.
გერმანიის საელჩო
გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, 1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთა და დაშავებულთათვის პატივის მისაგებად გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა დღეს პარლამენტის წინ გვირგვინი მიიტანა.
„მაშინ ქართველები საბჭოთა კავშირისგან თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, რასაც თავიანთი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირეს. დღეს მოვიგონებთ მათ სიმამაცესა და სიძლიერეს. მათი თავდადება ჩვენთვის უნდა იყოს მოტივაცია იმისათვის, რომ მუდამ დავიცვათ თავისუფლება და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ თბილისში პარლამენტის წინ ძალადობრივად დაარბია მშვიდობიანი დემონსტრაცია, რა დროსაც მრავალი ადამიანი მოკლეს, მათ შორის უმეტესი ქალი.
ყველაზე ახალგაზრდები 16 წლისანი იყო. ესენი არიან: აზა ადამია; ნათია ბაშალეიშვილი; ეკა ბეჟანიშვილი; ნატო გიორგაძე; თამუნა დოლიძე; თინა ენუქიძე; ნინო თოიძე; ზაირა კიკვიძე; მანანა ლოლაძე; თამარ მამულიშვილი; ვენერა მეტრეველი; მამუკა ნოზაძე; ნანა სამარგულიანი; შალვა ქვასროლიაშვილი; მარინა ჭყონია-სამარგულიანი; ელისო ჭიპაშვილი; თამარ ჭოველიძე; ნოდარ ჯანგირაშვილი; მზია ჯინჭარაძე; მანანა მელქაძე; გია ქარსელაძე“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
9 აპრილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში საფრანგეთის საელჩომაც.
განცხადებაში წერია, რომ ეროვნული ერთიანობის დღის წინ საფრანგეთი პატივს მიაგებს იმ ქართველი ქალებისა და კაცების ხსოვნას, რომლებიც საბჭოთა არმიამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამო 1989 წლის 9 აპრილს იმსხვერპლა.
„საფრანგეთი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპისკენ მის სწრაფვაში”.
პოლონეთის საელჩო
ელჩი, იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გვირგვინით შეამკო 9 აპრილის მემორიალი.
“1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა ჯარმა დახოცა ქართველი მშვიდობიანი დემონსტრანტები. ჩვენს მეგობრებთან ერთად ვიხსენებთ მათ, ვინც იბრძოდა & სიცოცხლე გაწირა თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოსთვის. მაშინ საქართველო და პოლონეთი ერთად იბრძოდნენ საბჭოთა ტირანიის წინააღმდეგ. ჩვენ ახლაც ვუერთდებით საზოგადოებას, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის” – ეს ტექსტი კი საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნეს.
შვეიცარიის საელჩო
“9 აპრილი ბრძოლისა და ერთობის დღეა!
დღეს, ქართველებთან ერთად, პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილს თბილისის ქუჩებში საკუთარი სიცოცხლე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის გასწირეს” – შვეიცარიის საელჩო.
ესტონეთის საელჩო
“ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ საქართველოს 21 მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნას. 36 წლის წინ, ისინი საბჭოთა არმიამ ბრუტალურად იმსხვერპლა სწორედ მაშინ, როდესაც ანტი-საბჭოურ, საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ. ტრაგედიიდან 2 წლის შემდგომ, საქართველომ ოფიციალურად აღიდგინა დამოუკიდებლობა!”.
ლიეტუვა
საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს ლიეტუვა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს, ქართველ ხალხთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა სამხედრო დარბევის ტრაგიკულ მოვლენებსა და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას ვიხსენებთ. ლიეტუვა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას“.
პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა – ევროკავშირის საელჩო
ჩვენ ვიხსენებთ თავისუფლებისთვის მებრძოლ 21 უდანაშაულო მსხვერპლს და ასობით დაშავებულს – აშშ-ის საელჩო
შეგახსენებთ, რომ ოცნების ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება 9 აპრილთან დაკავშირებით, სადაც “უცხო ძალას” 5-ჯერ ახსენებს, რუსეთს არც ერთხელ. მისი თქმით, “9 აპრილს უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ”.
9 აპრილის მემორიალთან საჯარო მოხელეების გამოჩენას ხმაური მოჰყვა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ზარნაძეს მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილზე მისვლის საშუალება ასევე არ მისცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას.
“ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატმა ნინო წილოსანმა დაწერეს, რომ “დემონსტრანტების იქ ყოფნა და აგრესია არაფრით განსხვავდება რუსული ტანკებისგან, რომლებმაც გადაუარეს საქართველოს”.