დენის შმიგალის თქმით, ამ თანხიდან ერთი მილიარდი ევრო მიმართული იქნება ე.წ. დანიური მოდელით იარაღის შესყიდვაზე – უშუალოდ უკრაინელი მწარმოებლებისგან.
„ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რადგან უკრაინისთვის იარაღი შეძენილი იქნება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით, ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით. ჩვენ არა მხოლოდ ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვის უნარს, არამედ ვასტიმულირებთ ეკონომიკასა და ინოვაციებს ჩვენს თავდაცვის-სამრეწველო კომპლექსში. განსაკუთრებული მადლობა დანიას, საფრანგეთს, ნიდერლანდებსა და იტალიას, რომლებიც განახორციელებენ უკრაინული იარაღის შესყიდვებს ერთი მილიარდი ევროს ოდენობით“, – წერს შმიგალი.
შესაბამის გადაწყვეტილებას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, ლვოვში ვიზიტისას ხელი მოაწერა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.