EU 20-ზე მეტი რუსული ბანკის SWIFT-დან გათიშვას აპირებს – ახალი სანქციების სამიზნე ნავთობი და გაზსადენი

რუსული ბანკები SWIFT-ში არ დაბრუნდებიან – EU
ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას გეგმავს – გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, სანქციების მე-18 პაკეტის ფარგლებში, ბრიუსელი 20-ზე მეტი რუსული ბანკის საერთაშორისო გადარიცხვის სისტემიდან, SWIFT-იდან გათიშვას აპირებს.

მედიის ცნობით, ევროკომისია ამ საკითხზე კონსულტაციებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უკვე მართავს. წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg წერს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სანქციების ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მიღებული არ არის.

სავარაუდოა, რომ ახალ სასანქციო პაკეტში ასევე შევა სავაჭრო შეზღუდვები, რაც რუსული ბანკებისთვის დამატებით დაახლოებით 2.5 მილიარდი ევროს ზარალს გამოიწვევს.

გარდა ამისა, ევროკავშირი განიხილავს „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული ნავთობის ფასის ზღვრის დაახლოებით $45-მდე დაწევას. ამჟამად მოქმედი ჭერი $60-ს შეადგენს და მისი გადაჭარბების შემთხვევაში, დასავლურ კომპანიებს რუსული ნავთობის გადაზიდვა და მომსახურება ეკრძალებათ.

Bloomberg ასევე წერს, რომ სანქციების ახალ პაკეტში, სავარაუდოდ, შევა დებულებები, რომლებიც ევროპულ კომპანიებს საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმებების ფარგლებში არბიტრაჟული სარჩელებისგან დაიცავს.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ ერთი მიმართულება შესაძლოა გახდეს გაზსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი“ (Nord Stream) გათიშვა. ამ ინიციატივას Financial Times-ის ცნობით, მხარს აქტიურად უჭერს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი. გამოცემასთან საუბარში წყარო აცხადებს, რომ Nord Stream-ის სანქცირება მერცს “აშშ-სა და რუსეთის მხრიდან გაზსადენის ამოქმედების ნებისმიერი მცდელობის აღკვეთის საშუალებას მისცემს” და ამავდროულად, „პოტენციურად პოლიტიკურ პრობლემას მოუხსნის“.

ევროკავშირის სანქციების მიზანია რუსეთის ფინანსური რესურსების შეზღუდვა, რომელიც ომსა და სამხედრო ინდუსტრიას ემსახურება. სანქციების 18-ე პაკეტი ამ დროისთვის განხილვის ეტაპზეა და საბოლოო სახე მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *