2025 წლის 1 ივლისიდან EY საქართველოს მმართველ პარტნიორად ტატო ჩანტლაძე დაინიშნება. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს EY-ს ადგილობრივი ხელმძღვანელობის გაძლიერებას და უზრუნველყოფს რეგიონის მასშტაბით გრძელვადიან ზრდას.
„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო EY საქართველოს მმართველი პარტნიორი“, — აღნიშნა ტატო ჩანტლაძემ, – „დარწმუნებული ვარ, რომ გამორჩეულ მომსახურებაზე, ინოვაციებსა და ჩვენი ნიჭიერი გუნდის განვითარებაზე ორიენტირებით, შევძლებთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში. იმედი მაქვს, EY-ის მტკიცე საძირკველზე ავაგებთ ახალ შესაძლებლობებს ჩვენი კლიენტებისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ.“
ტატო ჩანტლაძე EY-ში გუნდს 2021 წლიდან პარტნიორის სტატუსით შეუერთდა და მას შემდეგ EY საქართველოს საგადასახადო და იურიდიულ პრაქტიკას ხელმძღვანელობს. მას აქვს 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება პროფესიული მომსახურების გაწევის უზრუნველყოფაში, რაც ძირითადად მოიცავს ბიზნესებისთვის საგადასახადო კონსულტაციების მომსახურებას, კორპორაციულ სამართალს, ასევე საბანკო და შერწყმისა და შესყიდვის (M&A) ტრანზაქციებს.
ის საქართველოში და ასევე, ნიუ-იორკში ლიცენზირებული იურისტია. მისი ფართო პროფესიული გამოცდილება მოიცავს მთავარი იურისტისა და გენერალური დირექტორის მოადგილის წამყვან როლებს ორ მსხვილ ქართულ ბანკში.
კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ტატო ჩანტლაძე ლიდერობის გამორჩეული უნარითა და სტრატეგიული ხედვით, EY საქართველოს უფრო ფართო პრაქტიკას გაუძღვება და განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს EY-ის იურიდიული ბრენდის განვითარებაზე, საკონსულტაციო და სტრატეგიასთან და ტრანზაქციებთან დაკავშირებული მომსახურების გუნდების ზრდის ხელშეწყობასა და პროფესიულს სერვისებში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციაზე.
აღსანიშნავია, რომ ტატო ჩანტლაძე ახალ პოზიციაზე ჩაანაცვლებს რუსლან ხოროშვილს, რომელიც EY უზბეკეთის ქვეყნის მმართველი პარტნიორი ხდება. ცნობისთვის, ხოროშვილი 2012 წლიდან იკავებდა ქვეყნის მმართველი პარტნიორის თანამდებობას და ხელმძღვანელობდა EY საქართველოს საქმიანობის მნიშვნელოვნად გაფართოებას.