G7 რუსეთზე ზეწოლას, მათ შორის სანქციების გამკაცრებას გააგრძელებს, თუ უკრაინაში ცეცხლი არ შეწყდა –

G7 რუსეთზე ზეწოლას, მათ შორის სანქციების გამკაცრებას გააგრძელებს, თუ უკრაინაში ცეცხლი არ შეწყდა –
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთზე გააგრძელებენ ზეწოლას, მათ შორის სანქციების გამკაცრებას, თუ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება მიღწეული. ამის შესახებ “დიდი შვიდეულის” ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების მმართველების კომუნიკეშია აღნიშნული.

ერთობლივ კომუნიკეში დაგმობილია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სასტიკი ომი.

“ჩვენ მივესალმებით ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მუდმივ ძალისხმევას. თუ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება მიღწეული, ჩვენ გავაგრძელებთ ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვას, მათ შორის ზეწოლის გაძლიერებას, როგორიცაა სანქციების შემდგომი გამკაცრება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენი სამართლებრივი სისტემების შესაბამისად, რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინული დარჩება მანამ, სანამ რუსეთი არ დაასრულებს აგრესიას და არ გადაიხდის უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის”, – წერია კომუნიკეში.

ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინამ ომის შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა, ამიტომაც “დიდი შვიდეული” თანხმდება, რომ კერძო სექტორის მობილიზაცია მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის, რომლის ხარჯებიც მსოფლიო ბანკის მიერ შეფასებულია 524 მილიარდ აშშ დოლარად მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.

“ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერის კოორდინაციას უკრაინის პირველადი აღდგენისა და რეკონსტრუქციის ხელშეწყობის მიზნით, მათ შორის უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, რომელიც რომში გაიმართება 2025 წლის 10-11 ივლისს. გარდა ამისა, ჩვენ ვეთანხმებით უკრაინასთან თანამშრომლობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ არცერთმა ქვეყანამ ან ორგანიზაციამ, რომლებმაც დააფინანსეს ან მოამარაგეს რუსული ომის მანქანა, ვერ შეძლოს მიიღოს სარგებელი უკრაინის რეკონსტრუქციიდან”, – წერია “დიდი შვიდეულის” კომუნიკეში.

კომუნიკეში უკრაინაში მიმდინარე ომის გარდა, ყურადღება გამახვილებულია გლობალურ ეკონომიკაზე, ეკონომიკურ მდგრადობასა და უსაფრთხოებაზე, ხელოვნურ ინტელექტზე, ფინანსური სექტორის გამოწვევებზე, განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერასა და სხვა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *