Google ტეხასის შტატს $1.4 მილიარდს გადაუხდის – დავა პერსონალურ მონაცემებს ეხება

Google ტეხასის შტატს $1.4 მილიარდს გადაუხდის – დავა პერსონალურ მონაცემებს ეხება
Google-მა ტეხასის შტატისთვის $1.4 მილიარდის გადახდაზე თანხმობა განაცხადა – საქმე ეხება ბრალდებას შტატის მოსახლეობის პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დარღვევის შესახებ – ინფორმაციას ამის შესახებ შტატის გენერალური პროკურორი, კენ პაქსტონი ავრცელებს.

მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის შენახვისთვის პაქსტონმა Google-ს 2022 წელს უჩივლა. პროკურორის განცხადებით, სასამართლოს განჩინება, რომელიც საძებო სისტემების გიგანტის წინააღმდეგ შედგა, მნიშვნელოვნად აღემატება ყველა სხვა განჩინებას, რომელიც Google-ის წინააღმდეგ სხვა შტატებში ანალოგიური ბრალდების გამო გამოუტანიათ.

Google-ის წინააღმდეგ დავას წინ უსწრებდა კენ პაქსტონის მიერ ტეხასის შტატისთვის Meta-სგან მიღებული ასევე $1.4 მილიარდიანი განჩინება. ტეხასის გენერალური პროკურორი Instagram-ისა და Facebook-ის მშობელ კომპანიას ბრალს მომხმარებელთა ბიომეტრიული მონაცემების არაავტორიზებულ გამოყენებაში სდებდა.

“ტეხასში “დიადი ტექნოლოგიები” კანონზე მაღლა არ დგანან. წლების განმავლობაში Google აღრიცხავდა ადამიანების გადაადგილებას, საძიებო სესიებს და მათ ხმასა და სახის აგებულებასაც. ამას შევებრძოლე და გავიმარჯვე”, – განაცხადა კენ პაქსტონმა.

Google-ს წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ კომპანია ამ დავაში ბრალეულობას არ აღიარებს. ბრალდება შეეხებოდა Google Chrome-ის Incognito ბრაუზერის, Google Maps-იდან ლოკაციისა და Google Photo-დან ბიომეტრიული მონაცემების გამჟღავნებას. მისივე თქმით, კომპანია არ გეგმავს, სარჩელის მიხედვით რამე ცვლილება შეიტანოს ჩამოთვლილი აპლიკაციების ფუნქციონირებაში და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში შეტანილი ყველა შესწორება საქმის სასამართლოში განხილვამდე იყო დაანონსებული ან ამოქმედებული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *