GPS მთვარეზე – ესპანურმა კომპანიამ კოსმოსური ნავიგაციის სისტემა შექმნა

GPS მთვარეზე – ესპანურმა კომპანიამ კოსმოსური ნავიგაციის სისტემა შექმნა
ესპანურმა ტექნოლოგიურმა კომპანია GMV-მ მთვარისთვის GPS-ის მსგავსი სანავიგაციო სისტემა შექმნა, რომლის მიზანიც მთვარის მისიების ფარგლებში ციურ სხეულზე გადაადგილების ისე გამარტივებაა, როგორც, მაგალითად Google Maps ამარტივებს ქალაქში მოძრაობას.

პროექტი, სახელწოდებით LUPIN “ევროპის კოსმოსური სააგენტოს” პროგრამის ნაწილია და მთავრის შემსწავლელი მისიების გააქტიურების ფონზე ახალი სანავიგაციო ტექნიკების შესწავლას ისახავს მიზნად, როგორც სამეცნიერო, ასევე წიაღის მოპოვებითი და ტურისტული მიზნებითაც კი.

“ახალი პროგრამული უზრუნველყოფით, ევროპას მთვარეზე ადამიანების გაგზავნის პრეცედენტთან ვაახლოებთ. პროექტი, პოტენციურად, კარგი საყრდენი იქნება მარსის გამოსაკვლევადაც”, – განუცხადა პროექტის დირექტორმა, სტივენ კეიმ Reuters-ს.

ახალი ტექნოლოგია კანარის კუნძულებზე, კერძოდ კი ფუერტევენტურაზე დაიტესტა, სადაც GMV-მ პროტოტიპით საველე კვლევები დედამიწის იმ ტერიტორიაზე ჩაატარა, რომელიც მთვარის ზედაპირთან ყველაზე მიახლოებულია.

LUPIN მთვარის ორბიტის გარშემო მოქმედი სატელიტიდან მიიღებს GPS-ის მსგავს სიგნალს, რაც ასტრონავტების ადგილმდებარეობას რეალურ დროში აღრიცხავს. აღნიშნული ტექნოლოგია მთვარეზე ნავიგაციას მნიშვნელოვნად გაამარტივებს. დღეს დედამიწის ბუნებრივ სატელიტზე გაგზავნილი ხომალდები დედამიწიდან მიწოდებულ მონაცემებს ეყრდნობიან, რაც არც სწრაფია და არც – ზუსტი.

“კომუნიკაცია დამოკიდებულია დედამიწიდან მთვარის პირდაპირ ხილვადობაზე და მთვარის ორბიტაზე მოქმედ სატელიტებზე, რის გამოც ზოგიერთი ზონა დაჩრდილულია, დაგვიანებული ინფორმაცია კი სწრაფ რეაგირებას აფერხებს”, – ნათქვამია ტექკომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

GMV-ის მიზანია, მთვარის არსებული კარტოგრაფიები სატელიტისგან მიღებულ ინფორმაციასთან ერთად შეკრიბოს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მთვარის სამხრეთ პოლუსი და მისი ბნელი მხარე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *