პროფესიული კავშირების გაერთიანებამ “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების ექსპერტიზისთვის გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას (ILO) წლის დასაწყისში მიმართა. გაერთიანების შეფასებით, კანონში დაჩქარებული წესით შესული ცვლილებები აუარესებს საჯარო მოხელეთა დაცვის გარანტიებს და ეწინააღმდეგება ეროვნულ კანონმდებლობას თუ შრომის საერთაშორისო სტანდარტებს.
როგორც პროფკავშირების გაერთიანებაში აღნიშნავენ, ILO-ს სტანდარტების კომიტეტმა საქართველოში შექმნილი მდგომარეობა შეიყვანა იმ სახელმწიფოთა სიაში, სადაც ორგანიზაციის ძირითადი კონვენციები ირღვევა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, კანონში ცვლილებები კონვენციის შესაბამისად შეიტანოს.
“მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მოთხოვნებს!
2025 წლის 11 ივნისს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტების კომიტეტმა ოფიციალურად გამოაქვეყნა დასკვნა, რომელიც ეხება საქართველოში გაერთიანების თავისუფლების და შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებს და დაადასტურა ჩვენი პოზიცია საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელებულ პრობლემურ ცვლილებებთან დაკავშირებით.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი და ინტენსიური განხილვები სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის, ჟენევაში შსო-ს 113-ე საერთაშორისო შრომის კონფერენციის ფარგლებში, სადაც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ წარადგინა დეტალური ანგარიში საჯარო სექტორში დასაქმებულთა უფლებების დაცვის საკითხებზე.
ყურადღება გამახვილდა 2024 წელს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა პროფესიულ კავშირების გაერთიანებასთან კონსულტაციის და მისი ჩართულობის გარეშე მიიღო.
სწორედ ამ ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააუარესა საჯარო მოხელეთა შრომითი გარანტიები და დაარღვია შსო-ს ფუნდამენტური სტანდარტები:
- გაერთიანების თავისუფლება
- კოლექტიური მოლაპარაკების უფლება
სტანდარტების კომიტეტმა საქართველოში შექმნილი მდგომარეობა შეიყვანა იმ სახელმწიფოთა სიაში, სადაც შსო-ს ძირითადი კონვენციები ირღვევა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა:
- შეიტანოს ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შსო-ს №87 კონვენციის შესაბამისად
- წარიმართოს შინაარსიანი, დროული დიალოგი სოციალურ პარტნიორებთან ყველა რელევანტურ საკანონმდებლო ინიციატივაზე
- გაძლიერდეს სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის ფუნქციონირება
დასკვნის თანახმად საქართველოს მთავრობა ვალდებულია, 2025 წლის 1 სექტემბრამდე წარმოადგინოს დეტალური ანგარიში შსო-ს ექსპერტთა კომიტეტისთვის იმ ზომებზე, რომლებსაც ის მიიღებს ამ რეკომენდაციების შესრულების მიზნით.
კომიტეტმა საქართველოს მთავრობას ასევე სთხოვა, ისარგებლოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებით.
ჩვენი ბრძოლა სამართლიანობისა და დასაქმებულთა ღირსეული პირობებისთვის გრძელდება!”,- აღნიშნულია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია გაეროს სპეციალიზებული სააგენტოა, რომელიც აყალიბებს შრომის საერთაშორისო სტანდარტებს კონვენციების და რეკომენდაციების სახით და ამით ადგენს ძირითადი შრომითი უფლებების მინიმალურ სტანდარტებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას საქართველო 1993 წელს შეუერთდა.