გეორგიევას თქმით, აშშ-ის ახალი ტარიფები და ჩინეთისა და ევროკავშირის საპასუხო ზომები იწვევს უპრეცედენტო გაურკვევლობას სავაჭრო პოლიტიკაში, რასაც თან სდევს მკვეთრი რყევები ფინანსურ ბაზრებზე.
კრისტალინა გეორგიევამ ასევე ხაზი გაუსვა ინფლაციასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას და აღნიშნა, რომ ტარიფებმა, შესაძლოა, როგორც ფასების ზრდა, ასევე ხარჯვის შემცირება გამოიწვიოს.
IMF-ი მისი ეკონომიკური პროგნოზის განახლებისთვის ემზადება. 2025 წლის იანვარში გამოქვეყნებული პროგნოზით, წელს მსოფლიოს ეკონომიკა 3.3%-ით უნდა გაზრდილიყო, თუმცა ეს მაჩვენებელი შემცირებისკენ გადაიხედება.
ამასთან, სავალუტო ფონდი ვაშინგტონში დაგეგმილი საგაზაფხულო შეხვედრებისთვის ემზადება, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ფინანსთა მინისტრები და სხვა აღმასრულებლები მიიღებენ. განხილვების მთავარი საკითხი სწორედ გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობა და სატარიფო ომი იქნება.