JPMorgan-ი უკრაინაში ომის დასრულების სცენარებს განიხილავს, მათ შორის ყველაზე რეალისტური “საქართველო

JPMorgan-ი უკრაინაში ომის დასრულების სცენარებს განიხილავს, მათ შორის ყველაზე რეალისტური “საქართველო
“რუსეთ-უკრაინის ომის დასასრული და ევროპის მომავალი” – ამ სახელწოდებით აქვეყნებს JPMorganChase-ი ანგარიშს, რომელშიც უკრაინაში ომის დასრულების რამდენიმე სცენარია განხილული, მათ შორის საქართველოს მსგავსიც.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი ელის, რომ რუსეთ-უკრაინას შორის შეთანხმება მიმდინარე წელს შედგება და ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს: ევროპას იარაღი უმცირდება, უკრაინას მებრძოლები, აშშ-ის კი მოთმინება. ამას ემატება ისიც, რომ ტრანსატლანტიკური ერთობა ირღვევა. ეს ყველაფერი უკრაინის პრეზიდენტს აიძულებს რუსებთან შეთანხმება გააფორმოს.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ეს შეთანხმება შეაჩერებს ბრძოლას, თუმცა შორის იქნება სრულყოფილი სამშვიდობო პროცესისგან.

2025 წელი ყოველთვის განიხილებოდა როგორც მოლაპარაკების წელი, შესაბამისად, დასასრულიც აქ არის. თუმცა ჩნდება კითხვა ასეთი მშვიდობა დიდხანს გაგრძელდება?

ანგარიშში წერია, რომ შეთანხმების ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად კმაყოფილი დარჩება თავად პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ანუ რაც სურს, იმის შესაფერისს მიიღებს თუ არა; მეორე, თავად უსაფრთხოების გარანტიების სიმტკიცეზე იქნება დამოკიდებული, რაც რეალურად ნიშნავს, რამდენად მყარი იქნება გარანტიები უკრაინისთვის, რათა მომავალში აგრესიის პრევენცია მოხდეს და ქვეყანას ჰქონდეს შესაძლებლობა ხელახლა დაიწყოს აღმშენებლობა.

JPMorganChase-ი უკრაინისთვის ოთხ სცენარს განიხილავს:

  • საუკეთესო – სამხრეთ კორეის;
  • კარგი – ისრაელის;
  • არც ისე კარგი – საქართველო;
  • ყველაზე ცუდი – ბელორუსი;

აქედან ყველაზე რეალისტურად ბანკი “საქართველოს სცენარს” განიხილავს.

“საუკეთესო სცენარი – სამხრეთ კორეა”

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვერ იღებს ვერც NATO-ს წევრობას და ვერც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენას. მაგრამ თუ ის შეძლებს ქვეყანაში ევროპული ძალების განთავსებას, რომელსაც ზურგს გაუმაგრებს ამერიკის დაპირება სადაზვერვო და სხვა სახის დახმარებაზე, მაშინ უკრაინის 80% [კიევის მიერ კონტროლირებადი] სტაბილურ, კეთილდღეობისა და დემოკრატიის გზაზე გადავა. ამას გარდა, ამ სცენარში დასავლეთი ასრულებს პირობას და უკრაინას გადასცემს გაყინულ რუსულ რეზერვებს [დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ღირებულების], რაც დადებითად აისახება უკრაინის რეკონსტრუქციაზე. მაგრამ ამ სცენარის ალბათობა ძალიან დაბალია (15%).

“კარგი სცენარი – ისრაელი”

ძლიერი სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი სამხედრო დანაყოფების გარეშე (უკრაინის ტერიტორიაზე), უკრაინას მისცემს შესაძლებლობას მოდერნიზება გაუკეთოს სამხედრო სფეროს, რაც საბოლოოდ საშუალებას მისცემს ქვეყანას თავი დაიცვას. თუმცა ამ სცენარში ომი ყოველთვის მის კართან იქნება. მოვლენების ამგვარი განვითარების შესაძლებლობა JPMorgan-ის შეფასებით, შედარებით დაბალია (20%).

“არც ისე კარგი – საქართველო”

უცხოელი ჯარებისა და ძლიერი სამხედრო მხარდაჭერის არარსებობის პირობებში, უკრაინაში არასტაბილურობაა, შეფერხებულია აღდგენა და ეკონომიკური ზრდა. უცხოური მხარდაჭერის შემცირება და დასავლური ინტეგრაციის (ევროკავშირი და NATO) გზიდან გადასვლა, თანდათანობით ქვეყანას რუსულ ორბიტაზე აბრუნებს. ამ სცენარს JPMorgan-ი ყველაზე რეალისტურად (50%) განიხილავს.

ბოლო და ყველაზე უარესი სცენარი – ბელორუსი

თუ აშშ მიატოვებს უკრაინას, რასაც დაემატება ევროპის არასაკმარისი ნაბიჯები, რუსეთი მაქსიმუმს მოითხოვს და ეცდება სრულ კაპიტულაციას მიაღწიოს, რაც უკრაინისთვის ნიშნავს მოსკოვის ვასალობას. ამ სცენარში რუსეთი იგებს ომს, ყოფს დასავლეთს და ცვლის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საერთაშორისო წესრიგს. ამ სცენარის ალბათობა ძალიან მცირეა (15%).

ანგარიშში ახსნილია რას ნიშნავს “საქართველოს სცენარი” თავად უკრაინისთვის, რომელიც ყველაზე რეალისტურად არის შეფასებული. JPMorgan-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი ასევე მიმოიხილავს საქართველოში არსებული ვითარებას, დემოკრატიის რღვევის და რუსეთთან გაზრდილი კავშირების ჩათვლით.

კერძოდ, ანგარიშში წერია, რომ დღეს საქართველოს მმართველმა პარტიამ, რომლის უკანაც რუსეთის მიმართ მეგობრული ოლიგარქია, გაყინა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, მიიღო რუსული სტილის “აგენტების კანონი”, რის გამოც აშშ-მა და ევროკავშირმა ქვეყანას დახმარება გაუჩერეს. პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, დემოკრატიის რღვევამ და მზარდმა რუსულმა გავლენამ, იმოქმედა ინვესტორთა ნდობაზე. ამის პარალელურად, რუსეთთან ეკონომიკური კავშირები გაღრმავდა. მხოლოდ რუსეთიდან ფულადი გზავნილები 2022-2023 წლების მშპ-ში 15%-ს აჭარბებდა, ასევე, გაიზარდა ვაჭრობა და რუსეთის მოქალაქეების რიცხვი ქვეყანაში. 30.5 მილიარდი დოლარის მოცულობის ეკონომიკით (2023 წელი), საქართველო გზავნილებსა და ტურიზმზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ქვეყანაა, რომელიც ზრდას აგრძელებს, თუმცა მოწყვლადია. ერთ დროს რეფორმების წარმატების მაგალითად მიჩნეული ქვეყანა, ახლა აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება უსაფრთხოების და ინსტიტუციური საყრდენების არარსებობამ ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ მმართველობას და შეასუსტოს ეკონომიკური პოტენციალი.

როგორც JPMorgan წერს, უკრაინაშიც საწყის ეტაპზე დონორებს, შესაძლოა, დახმარების სურვილი ჰქონდეთ და ქვეყნის აღმშენებლობაში მიიღონ მონაწილეობა, თუმცა დასავლეთთან პოლიტიკური და უსაფრთხოების ნაწილში ინტეგრაციის არარსებობის პირობებში, ქვეყანა, შესაძლოა, გეოპოლიტიკურად ნაცრისფერ ზონაში აღმოჩნდეს. ამას ემატება ისიც, რომ 7 მილიონამდე უკრაინელმა ლტოლვილმა შესაძლოა, არც ომის შემდეგ მოინდომოს ქვეყანაში დაბრუნება, რის გამოც ეკონომიკას ასე საჭირო კვალიფიციურ მუშახელი მოაკლდება. ამას დაემატება ისიც, რომ მსგავს არასტაბილურ და უსაფრთხოების თვალსაზრისით მყიფე ქვეყანაში შემცირდება უცხოური ინვესტიციებიც. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მყარი გარანტიების გარეშე, უკრაინის მომავალი, შესაძლოა, საქართველოს გამოცდილების მსგავსი იყოს. ომები შესაძლოა მშვიდობის გარეშე დასრულდეს და ყველაზე ძლიერი დასავლური სენტიმენტებიც მინელდეს, თუ დასავლური ინსტიტუტების მხრიდან შესაბამისი პასუხი არ იქნება.

რაც შეეხება ომს, ამ ეტაპზე ევროპა ცდილობს სანქციებით რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს, თუმცა აშშ ჯერჯერობით ამ პროცესს არ უერთდება. 19 მაისს პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას ჯერჯერობით არ აპირებს, რადგან ომის შესაწყვეტად პროგრესის შანსი არსებობს. 23 მაისს გავრცელდა „დიდი შვიდეულის“ [G7] საერთო განცხადება, სადაც წევრი ქვეყნები ამბობენ, რომ რუსეთი თუ არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას სანქციებით ზეწოლას გააძლიერებენ.

G7-ის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების მმართველთა შეხვედრა 20-22 მაისს კანადაში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და სხვა საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებიც და უკრაინის ფინანსთა მინისტრიც.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული ანგარიში JPMorganChase-ის გეოპოლიტიკის ცენტრმა – Center for Geopolitics-მა მოამზადა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *