ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ ეს არის პროცესის დასაწყისი, რომლითაც დავიბრუნებთ არამხოლოდ ამერიკის მეგობრობას, დავიბრუნებთ სტრატეგიულ პარტნიორობასაც.
“ამერიკაში „MEGOBARI აქტის“ მიღება ძალიან სერიოზული ნაბიჯია. ვერ ვიტყვი, რომ უნდა გვიხაროდეს დღეს ეს იმის გამო, რომ რეალურად საქართველოს მიმართ არის ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ დასანქცირდებიან ის პირები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში. ამას შევცვლით, როცა რეჟიმს შევცვლით. ეს რეჟიმი დასასანქცირებელია, სხვა გამოსავალი არ არის და ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა ეს იციან.
არ შეიძლება საქართველოდან ოფიციალური პირები ამერიკას აბრალებდნენ ხან ომის პარტნიორობას, ხან „დიფ სთეითობას“ და ხან რას და ხან რას, ეს არის მიუღებელი! ეს არის ამერიკის, როგორც მეგობრის პასუხი. ჩვენ მეგობარს დავიბრუნებთ, როგორც კი ეს რეჟიმი შეიცვლება. ეს არის ჩვენი განაცხადი! დავიბრუნებთ არამხოლოდ ამერიკის მეგობრობას, დავიბრუნებთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ამ პერიოდში დაიკარგა და ასევე, დავიბრუნებთ იმ შესაძლებლობებს, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია ამერიკასთან და არა იმ ქვეყნებთან, რომლის სია გამოქვეყნდა რამდენიმე დღის წინ. ასევე, დავიბრუნებთ თავისუფალ ვაჭრობას. ეს არის ჩვენი მომავალი ამ რეჟიმის გარეშე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი 9 და 26 მაისს დიდ შეკრებებს აანონსებს.
ის ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები ჯერ 9 მაისს, ევროპის დღეს უნდა შეხვდნენ ერთად, შემდეგ კი 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე უნდა ჩაიბარონ. მისი თქმით, ახლა სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობაა გადასარჩენი და ის სრულიად საქართველომ უნდა გადაარჩინოს.
წუხელ აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act). კანონის მისაღებად 230 ხმა იყო საკმარისი, თუმცა დოკუმენტს მხარი 349-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 42.