Moody’s-მა აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა – რას ნიშნავს ეს?

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტი მიიღო
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა ამერიკის შეერთებული შტატების საკრედიტო რეიტინგში შეამცირა. თუკი აქამდე ვაშინგტონის რეიტინგი იდეალურ Aaa-ს შეადგენდა, ახლა ის ერთი პუნქტით, Aa1-მდეა ჩამოქვეითებული.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება 2023 წელს Fitch-მაც მიიღო და მან აშშ-ის რეიტინგი AAA-დან AA+-მდე შეამცირა.

ანალიტიკოსების შეფასებით, აშშ-ის საკრედიტო რეიტინგის გაუარესება მთავრობის ვალის მოცულობის მკვეთრი ზრდით არის განპირობებული, რომლის მოცულობა ამჟამად $36.9 ტრილიონს აღწევს, რაც გლობალური რეკორდია. Moody’s-ის განმარტებით, წინასაარჩევნო დაპირებების მიუხედავად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვერ ახერხებს ისეთი ფისკალური პოლიტიკის გატარებას, რომელიც ვალის მოცულობას რეალურად შეამცირებს, რაც ქვეყნის მიმართ ინვესტორების განწყობის გაუარესებას იწვევს.

შედარებისთვის, დაახლოებით 50 წლის წინ, ფედერალური ვალის მოცულობა $1 ტრილიონის ფარგლებში იყო, თუმცა მას შემდეგ ვითარება დრამატულად შეიცვალა.

ვალის მოცულობამ უკვე ფაქტობრივად მიაღწია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზომას, თუმცა 2053 წლამდე პროგნოზირებულია, რომ ვალის მოცულობა ეკონომიკის 180%-ს მიაღწევს.

რაც შეეხება თავად ამ ვალის მომსახურებას, საპროცენტო სარგებლის სახით ამერიკის მთავრობა ყოველწლიურად დაახლოებით 900 მილიარდ დოლარს იხდის. 2032 წლისთვის ეს მაჩვენებელი $1.5 ტრილიონს მიაღწევს, ხოლო 2053 წლისთვის მთავრობას ვალდებულებების მომსახურებაზე $5.5 ტრილიონის დახარჯვა მოუწევს, რაც იაზე მეტი თანხა იქნება, რასაც ქვეყანა ჯანდაცვის სისტემაზე ხარჯავს.

ამერიკის მთავრობას ვალი აქვს როგორც სხვა ქვეყნების, კომპანიების და უცხოელი ინვესტორების, ასევე თავად ამერიკელი მოსახლეობის მიმართ. ამ თანხას კი მთავრობა ახალი პროექტების განსახორციელებლად და ბიუჯეტის შესავსებად იყენებს. მარტივად რომ ვთქვათ, ახლა მთავრობა ხარჯავს იმ ფულს, რომელიც მომავალში თავად ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა გაისტუმრონ გადასახადებით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *