NVIDIA სომხეთში $500-მილიონიან AI-ქარხანას ააშენებს

NVIDIA სომხეთში $500-მილიონიან AI-ქარხანას ააშენებს
სომხეთის მთავრობამ ქვეყნის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ტექნოლოგიური პროექტი წამოიწყო, რაც ხელოვნური ინტელექტის ქარხნის მშენებლობას უკავშირდება, რომლის საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონ დოლარს აჭარბებს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტში პარტნიორებად ერთვებიან: სომხეთის მთავრობა, პლანეტის უმსხვილესი AI-კომპანია – NVIDIA, საინვესტიციო ჰოლდინგი Firebird-ი და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მიმწოდებელი Team Group-ი.

პროექტის საფუძველს ახალი თაობის AI-ქარხნის გახსნა წარმოადგენს, რომელიც აღიჭურვება ათასობით NVIDIA Blackwell GPU-ით, რაც სომხეთში პირველ მაღალი სიმძლავრის მონაცემთა ცენტრს შექმნის, რომლის ელექტრო სიმძლავრე 100 მეგავატს გადააჭარბებს.

ამ პროექტის წყალობით, სომხეთი კავკასიის რეგიონში უდიდეს AI-ცენტრს მიიღებს, რომელსაც პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიის მხარდაჭერა ექნება, რაც საერთაშორისო ინვესტორებისათვის განსაკუთრებით პოზიტიურ სიგნალს წარმოადგენს.

ახალი AI-ქარხანა სომხეთის ტექნოლოგიურ განათლებას და მეცნიერების განვითარებასაც ემსახურება. დაგეგმილია მაღალი დონის კვლევითი პროექტების, სასწავლო ცენტრებისა და ტექნოლოგიური ინკუბატორების შექმნა.

Nvidia-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი, რომელიც პირადად არის ჩართული პროექტში, ასე აფასებს ინიციატივას:

„AI-ქარხნები 21-ე საუკუნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მომავალს წარმოადგენენ. ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ სომხეთთან ამ ძალზე მნიშვნელოვან გზაზე და დარწმუნებულები ვართ, რომ რეგიონში AI-ის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის ძლიერ ფუნდამენტს ვქმნით“, – აცხადებს ჯენსენ ჰუანგი, რომლის ქონების შეფასება $125 მილიარდს შეადგენს.

როგორც ცნობილია, პროექტის განხორციელება 2026 წელს იგეგმება. მის ფინანსურ საკითხს რაც შეეხება, ინვესტიციის უდიდეს ნაწილს Firebird-ის და Team Group-ის ინვესტორები ჩადებენ, Nvidia კი ტექნოლოგიური პარტნიორის როლს შეასრულებს, რომელიც ქარხანას საჭირო მოწყობილობებითა და პროგრამული უზრუნველყოფით მოამარაგებს.

მართალია, პროექტის დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა მოსალოდნელია, რომ სომხეთის მთავრობა პროექტისთვის გამოყოფს: მიწის ნაკვეთს, საგადასახადო შეღავათებს, სუბსიდიებს და გაამარტივებს ბიუროკრატიულ პროცესებს.

აქვე, ცნობისთვის გეტყვით, რომ Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 500 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის პლანეტის რიგით მეორე უმსხვილესი კომპანიაა.

დიდი ალბათობით, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის მიერ სომხეთით დაინტერესება ერთი გარემოებით არის განპირობებული Nvidia-ს ვიცე-პრეზიდენტი და ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი რევ ლებარედიანია, რომელიც წარმოშობით სომეხია და სწორედ ის არის ამ პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *