OPEC+ ივლისში ნავთობის წარმოებას მკვეთრად გაზრდის – გადაწყვეტილება

OPEC+ ივლისში ნავთობის წარმოებას მკვეთრად გაზრდის – გადაწყვეტილება
OPEC+-ის წევრი ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები 31 მაისს გამართული ვიდეოკონფერენციის შედეგად შეთანხმდნენ, რომ 2025 წლის ივლისში ბაზარზე დამატებით ყოველდღიურად 411,000 ბარელი ნავთობი გამოვიდეს. გადაწყვეტილების შესახებ ჯგუფის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაშია საუბარი.

” მიწოდების ეტაპობრივი ზრდა შესაძლოა შეჩერდეს ან შეიცვალოს, ბაზრის ვითარების შესაბამისად. ამგვარი მოქნილობა ჯგუფს საშუალებას მისცემს გააგრძელოს ნავთობის ბაზრის სტაბილურობის მხარდაჭერა”, – წერია განცხადებაში.

მოცულობა იდენტურია იმ ზრდის, რაც ორგანიზაციამ უკვე დააანონსა მაისისა და ივნისის თვეებისთვის. ეს სამი თვის ჯამში სამჯერ აჭარბებს ადრე დაგეგმილ წარმოების მაჩვენებლებს და წარმოადგენს ორგანიზაციის პოლიტიკის ისტორიულ ცვლილებას – წარსულში OPEC+ ცდილობდა ფასების გადაზღვევას წარმოების შემცირებით, მაშინ როცა მიმდინარე გადაწყვეტილებები პირდაპირ ფასების კლებაზეა ორიენტირებული.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მიუხედავად ძირითადი წევრის – რუსეთის – შეზღუდული მხარდაჭერისა. თუმცა საბოლოოდ, ე.წ. „ნებაყოფლობითმა რვიანმა“, რომელიც ჯგუფის წამყვან ქვეყნებს აერთიანებს, ჯერ კიდევ 2025 წლის დასაწყისში აიღო კურსი ნავთობის მოპოვების ეტაპობრივი, შემდეგ კი დაჩქარებული ტემპით ზრდაზე.

ბოლო წლებში OPEC+ ყოველდღიურად 2.2 მილიონი ბარელით ამცირებდა წარმოებას, რათა ბაზარზე ჭარბი მიწოდება არ წარმოქმნილიყო და ფასების სტაბილურობა შენარჩუნებულიყო. თუმცა ახალი სტრატეგია ამ მიმართულების მკვეთრ გადახვევას წარმოადგენს.

შედეგად, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა და ამ დროისთვის ბარელის ღირებულება დაახლოებით 60 დოლარს შეადგენს — რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ექსპერტების შეფასებით, წარმოების ზრდა, მიმდინარე გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში, ნავთობის გლობალურ ბაზარზე კიდევ უფრო დიდ რყევებს მოიტანს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *