OPEC-ის მოთხოვნის მიუხედავად, ყაზახეთი ნავთობის მიწოდებას არ ამცირებს

OPEC-ის მოთხოვნის მიუხედავად, ყაზახეთი ნავთობის მიწოდებას არ ამცირებს
OPEC+-ის მიერ განსაზღვრული კვოტებისა და მოთხოვნის მიუხედავად, ყაზახეთი ნავთობის მიწოდებას არ ამცირებს და სამომავლოდ გეგმავს საწარმოო მოცულობის გადახედვას.

ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, მომავალ თვესაც დღიური წარმოება 1.75 მილიონი ბარელის ფარგლებში იქნება, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე OPEC-ის მიერ განსაზღვრული ზედა ლიმიტი. ეს ყაზახეთის მთავრობის მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას წარმოადგენს და მიუთითებს, რომ ყაზახეთი საუდის არაბეთის მოთხოვნებს არ დაემორჩილება და თუ საჭირო იქნება, ის კარტელიდან გავა.

ყაზახეთი, რომელიც OPEC-ის ოფიციალური წევრი არ არის, თუმცა 2016 წლიდან OPEC+ის გაფართოებული ალიანსის მონაწილეა, ბოლო თვეებში აქტიურად და დაუმალავად არღვევს შეთანხმებით განსაზღვრულ ლიმიტებს.

ცხადია, ეს არ მოსწონთ საუდის არაბეთს და რუსეთს, რომლებიც OPEC-ის არაოფიციალური ლიდერები არიან. ბოლო პერიოდში ეს ქვეყნები აქტიურად ცდილობენ ნავთობის ბაზარზე ფასების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას, რათა მათ საბიუჯეტო შემოსავლები გაეზარდოთ. მოგეხსენებათ, 2022 წლიდან, ანუ ომის დაწყებიდან მოყოლებული, ალიანსმა კოლექტიურად თითქმის 6 მილიონი ბარელით შეზღუდა ყოველდღიური წარმოება, რაც გლობალური მიწოდების დაახლოებით 6%-ს შეადგენს. თუმცა ამ შეთანხმების რეალურად და პირნათლად აღსრულების ხარისხი ყოველთვის დავის საკითხი იყო. მაგალითად, ერაყი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ხშირად არ ასრულებდნენ დაკისრებულ ვალდებულებებს, ანუ იმაზე მეტ ნავთობს ყიდდნენ, ვიდრე ეს ნებადართული იყო.

აქვე, ჩნდება შეკითხვა, რატომ აიძულებენ საუდის არაბეთი და რუსეთი სხვა ქვეყნებს მიწოდების შემცირებას? – პასუხი მარტივია: საუდის არაბეთის სახელმწიფო ბიუჯეტი მხოლოდ მაშინ იქნება გამართული, თუ ნავთობის ფასი ბარელზე 90 დოლარს გადააჭარბებს. OPEC+ის მიერ დაწესებული შეზღუდვები სწორედ ამ მიზნის მიღწევისკენაა მიმართული. რუსეთისთვისაც უმნიშვნელოვანესია ნავთობის მაღალი ფასი, რაც იმ მოცემულობითაა განპირობებული, რომ მოსკოვი ომს სწორედ ნავთობით აფინანსებს.

ყაზახეთის მიერ შეთანხმებიდან გასვლა კი ალიანსისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. ეს ფაქტი შეიძლება პრეცედენტად იქცეს, რომელმაც შესაძლოა სხვა ქვეყნებსაც უბიძგოს, დატოვონ ალიანსი და მიწოდება გაზარდონ, რაც ბირჟაზე ნავთობის მკვეთრ გაიაფებას გამოიწვევს.

ბუნებრივია, საუდის არაბეთი უკვე ცდილობს ამ საფრთხის თავიდან არიდებას. მაისში OPEC-მა მნიშვნელოვნად შეამცირა აზიისთვის განკუთვნილი ნავთობის ფასი და სამომავლოდ დაგეგმილი წარმოების ზრდის ტემპიც შეზღუდა, რაც აშკარა გზავნილია ალიანსის წევრების მიმართ, რომ დაუმორჩილებლობა ფასების ომს გამოიწვევს.

თუ ყაზახეთი საკუთარ პოზიციას არ შეცვლის, მაშინ საუდის არაბეთი ბაზარს ზედმეტად იაფ ნავთობს მიაწვდის, რაც კონკურენტების განადგურებას გამოიწვევს. მსგავსი სცენარი ჩვენ უკვე ვიხილეთ 2014 წელს, როდესაც რიადმა ამერიკული ენერგეტიკული კომპანიების გაკოტრება სცადა, რასაც ბირჟაზე ნავთობის მკვეთრი გაიაფება მოჰყვა.

ამჯერად, ასეთი ომი შეიძლება კიდევ უფრო მძიმე შედეგებით დასრულდეს, რადგან მსოფლიო ეკონომიკა ისედაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ბაზარზე დამატებითი ნავთობის მიწოდება მრავალი ქვეყნისთვის კატასტროფულ შედეგებს გამოიღებს. საუდის არაბეთსა და რუსეთს, როგორც დაბალი თვითღირებულების მქონე მწარმოებლებს, ფასების ომის გადატანა შედარებით ადვილად შეუძლიათ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, მათაც სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნებათ. შედეგად, შესაძლოა, OPEC-ის ალიანსის დაშლასაც კი შევესწროთ, რაც დიდად მოსალოდნელი ნამდვილად არ არის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *