29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა სტრასბურგში მას შემდეგ განაცხადა, რაც PACE-მ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო.
2025 წლის ზამთრის პლენარული სესიის გახსნის დღეს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გასაჩივრდა. საბოლოოდ, PACE-მ გადაწყვიტა, რომ „ქართული ოცნების” დელეგაციას მომდევნო სესიამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნებოდა, სრულად რატიფიცირებისთვის კი კონკრეტული წინაპირობები უნდა შესრულდეს დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად. 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციით, საპარლამენტო ასამბლეა მოითხოვს “ქართულმა ოცნებამ” მიმდინარე წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს. ამასთან, PACE საქართველოს ოფიციალური პირებისგან მოითხოვს დაუყოვნებლივი და ეფექტიანი ნაბიჯები გადადგან, რათა საშუალება მისცენ საქართველოს განაახლოს ევროპული ინტეგრაციის გზა. როგორც წულუკიანმა თქვა, დოკუმენტის დათქმები მიუღებელია.