სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, re:school ნიქოზში და ძეგვში მცხოვრებ ბავშვებს მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი და მაღალ ანაზღაურებადი პროფესიების შესწავლის შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ სკოლის დამფუძნებელმა, სალომე მგელაძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი” ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ re:school არაფორმალური განათლების სივრცეა, სადაც 9 -დან 15 წლამდე მოზარდები ციფრულ ტექნოლოგიებს სწავლობენ და თანამედროვე შრომის ბაზრისთვის მოთხოვნად უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ. ამასთან ერთად, კომპანია სოციალურ-კორპორატიული პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთი პროექტის ავტორია. მათ შორის re:school ანგარიშზეა – მსჯავრდებული ქალებისთვის UI/UX დიზაინის კურსი, არასრულწლოვანი მსჯავრდადებულებისთვის ვებდეველოპმენტის კურსი, ვებპროგრამირება ოკუპირებულ გალში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და სხვა.
როგორც სალომე მგელაძე ეთერში ამბობს, კომპანიისთვის მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება და დასაქმებაში დახმარება პრიორიტეტულია. ნიქოზი კი 2008 წლის ომში სრულიად განადგურებული სოფელია.
მისივე ინფორმაციით, ნიქოზსა და ძეგვში მცხოვრები ბავშვების გაძლიერება და ტექნოლოგიური განათლების მიცემა საქველმოქმედო ორგანიზაციის “საქართველოს ამერიკელი მეგობრები” დირექტორის, ნინო ჯაფარიძის ინიციატივაა. შესაბამისად, re:school პროექტს ამ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.
„ჩვენ უკვე 2-ჯერ ვიყავით ნიქოზში ჩასული. ნინო ჯაფარიძისა და RE:SCHOOL-ის ერთობლივი ძალებით, 38 ნიქოზელი ახალგაზრდა უახლოეს დღეებში სწავლას ნიქოზშივე დაიწყებს. ამასთან, 3-მა ძეგველმა ბავშვმა თბილისის ფილიალში სწავლა უკვე დაიწყო. პროცესი მთლიანად გაწერილია. ნიქოზში ჩვენი მენტორები თავად ჩავლენ და სასწავლო პროცესს წარმართავენ, რადგან ამ ასაკში ონლაინ სწავლება ისეთი ეფექტური არ არის, როგორც დასწრებით.
იქ არის სკოლა, რომელიც “საქართველოს ამერიკელი მეგობრები” (AFG)-სა და იაპონიის საელჩოს ჩართულობით გაკეთდა და იქ ტექნოლოგიურად აღიჭურვება ინფრასტრუქტურა, რის შემდეგაც ბავშვები სწავლას დაიწყებენ“, – ამბობს სალომე მგელაძე და დასძენს, რომ სურვილის შემთხვევაში, პროექტი სამომავლო პერსპექტივაშიც გაგრძელდება.