TEXSOM-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა 31 მედალი მოიპოვა

TEXSOM-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა 31 მედალი მოიპოვა

აშშ-ში გამართულ საერთაშორისო კონკურსში TEXSOM, ქართულმა ღვინოებმა 31 მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ტექსასის შტატის სომელიეთა კონფერენციის (TEXSOM) ღვინის საერთაშორისო კონკურსზე საქართველომ ჟიურის 1 სპეციალური ჯილდო, 2 ოქროს, 13 ვერცხლის და 15 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კონკურსის ფარგლებში 50 ქართული ღვინო და ბრენდი იყო წარმოდგენილი, რომლებიც აშშ-ს ბაზარზე უკვე იყიდება.

ინფორმაციისთვის, ტექსასის სომელიეთა კონფერენცია TEXSOM 2005 წელს დაარსდა ადგილობრივი სომელიეებისთვის პროფესიული სტანდარტებისა და განათლების ამაღლების მიზნით. კონფერენცია შემდგომ ღვინის სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ღონისძიება გახდა. 2014 წლიდან კონფერენციას დაემატა ყოველწლიური საერთაშორისო ღვინის კონკურსი, რომლის ჟიურის შემადგენლობაშიც არიან ღვინის პროფესიონალები და სომელიეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მარკეტინგული კომპანია „Colangelo & Partners“ ქართულ ღვინოს აშშ-ის ბაზარზე ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტის ფარგლებში 2022 წლიდან უწევს პოპულარიზაციას. ამ პერიოდში დაფიქსირდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია. 2024 წელს ექსპორტმა 1,2 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *