The Beatles-ის ყოფილმა დრამერმა, პიტ ბესტმა კარიერა დაასრულა

The Beatles-ის ყოფილმა დრამერმა, პიტ ბესტმა კარიერა დაასრულა
ლეგენდარული ბრიტანული როკჯგუფის, The Beatles-ის ყოფილი დრამერმა, პიტ ბესტმა პროფესიონალური კარიერა დაასრულა. პიტ ბესტი, რომელსაც, ხშირად, მეხუთე “ბიტლად” მოიხსენიებენ, ბრიტანულ მუსიკალურ ჯგუფში 1962 წლამდე უკრავდა, ანუ ის იმ დროსაც მოესწრო, როცა ჯგუფს ჯერ კიდევ The Quarrymen ერქვა. ჯგუფის მიერ შექმნილი მუსიკა უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა, ხოლო პროდიუსერებმა გამოცდილი დრამერის აყვანა გადაწყვიტეს.

ჯონ ლენონის, პოლ მაკარტნის და ჯორჯ ჰარისონის ჯგუფში პიტ ბესტის გამოჩენას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. საქმე ისაა, რომ ბესტის ოჯახი ლივერპულში მდებარე Casbah Coffee Club-ის მფლობელი იყო, ხოლო თავად ეს ადგილი ახალგაზრდა სკაუზერების შეკრების ადგილად ითვლებოდა. პიტ ბესტი “ბიტლების” მუსიკით მოიხიბლა და 1960 წელს ჯგუფს სამთვიანი კონტრაქტით შეუერთდა, როცა ისინი გერმანიაში გაემგზავრნენ.

გერმანიაში გატარებული დროის შემდეგ, პროდიუსერებმა პიტ ბესტი რინგო სტარით ჩაანაცვლეს. ჯონ ლენონი ბესტს უნიათო დრამერად მოიხსენიებდა, როცა პოლ მაკარტნი ამბობდა, რომ ის კარგი დრამერი იყო, მაგრამ შეზღუდული პოტენციალით. ჯორჯ ჰარისონი კი, ბესტის მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი და, როგორც მოგვიანებით აღნიშნა, მის წინააღმდეგ შემდგარი კონსპირაციის ავტორიც იყო.

“ბიტლებიდან” წამოსვლის შემდეგ, პიტ ბესტი სხვადასხვა ჯგუფებში უკრავდა, მაგრამ დიდი წარმატებისთვის არასდროს მიუღწევია. რამდენიმე წლის შემდეგ, დრამერმა “ბიტლებს” დეფამაციისთვის უჩივლა, რაზედაც მხარეები სასამართლოს გარეთ მორიგდნენ, მაგრამ კონკრეტულად რა თანხაზე, უცნობია. როგორც პიტ ბესტმა გასულ წელს განაცხადა, The Beatles-ის დატოვების თაობაზე აღარ ღელავს, რადგან ეს დიდი ხნის წინ მოხდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *