https://corruptionmap.ge/
როგორც ორგანიზაცია წერს, რუკა აჩვენებს, რომ ხალხის ფული „ქართული ოცნების“ კორუმპირებული ჩინოვნიკების ჯიბეებში მიდის, რიგითი ადამიანების გაღარიბების ხარჯზე. მათივე თქმით, რუკა კარგად ასახავს, როგორ მოიცავს კორუფცია მთელს საქართველოს და რამდენად მასშტაბურია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ რამდენიმე წელია აგროვებს ასეთ შემთხვევებს – დღეის მდგომარეობით მაღალი დონის კორუფციის 231 შემთხვევაა აღრიცხული, რომლებშიც 207 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის 34 მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, 37 პარლამენტის წევრი, 16 მოსამართლე და 62 მუნიციპალური თანამდებობის პირი.
“ინტერაქციულ რუკაზე დატანილია ინფორმაცია ბოლო წლებში გაჟღერებული მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების შესახებ და ასევე, ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული აქტივების შესახებ.
კორუფციის რუკა ცხადყოფს, რომ ელიტური კორუფცია გეოგრაფიულად მთელს ქვეყანას მოიცავს და რომ მას სისტემური ხასიათი აქვს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოავლინა, რომ თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 3 მილიარდ 280 მილიონ ლარზე მეტი მსხვილი კონტრაქტები მიიღეს სახელმწიფო შემსყიდველებისგან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ელიტური კორუფციის სისტემურობაზე და მასშტაბზე ასევე მეტყველებს საჯაროდ გაჟღერებული კორუფციული სკანდალების რაოდენობა და მათზე რეაგირების არარსებობა. მაგალითად, მხოლოდ ბოლო 1 თვის განმავლობაში ელიტური კორუფციის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა:
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის დაუსაბუთებელი ქონება; „ქართული ოცნების“ დეპუტატ ნინო წილოსანის ოჯახის წევრთან დაკავშირებული კორუფციის სავარაუდო შემთხვევა; ე.წ. „სკლიანტიანი რძის“ სკანდალი; “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გიორგი ჭყონიამ არჩევნების შემდეგ 37 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო; ვიქტორ ჯაფარიძესთან დაახლოებული პირის კომპანიამ მესტიაში 17 მილიონ ლარამდე ტენდერები მოიგო; ადიგენის მერიასთან (გოჩა ქიმაძე) დაკავშირებულმა 15-მა პირმა ადიგენის მუნიციპალიტეტის შესყიდვებით 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო; გამოძიება საირმის კურორტის მფლობელ თემურ კოხოძის შესახებ.
ბოლო წლების განმავლობაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ათობით წერილით მიმართა საგამოძიებო უწყებებს – გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – კორუფციის გახმაურებულ შემთხვევებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რაზეც რეაგირება არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა”, – წერს ორგანიზაცია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ გამოძიებებთან ერთად, სიაში ასევე მოხვედრილია: „ტვ პირველის“, „ფორმულას“, „მთავარი არხის“, „სტუდია მონიტორის“, „რადიო თავისუფლების“, „აიფაქტის“, „ფლანგვის დეტექტორის“, „მთის ამბებისა“ და OCCRP საგამოძიებო მასალები.