TOP 10 ყველაზე უსაფრთხო ქალაქი – რომელ პოზიციაზეა თბილისი?

TOP 10 ყველაზე უსაფრთხო ქალაქი – რომელ პოზიციაზეა თბილისი?
მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 4.4 მილიარდი ადამიანი, ქალაქებში ცხოვრობს. გაეროს პროგნოზით, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და 2050 წლისთვის ყოველი 10 ადამიანიდან თითქმის 7 ქალაქში იცხოვრებს.

საცხოვრებლად ახალი ქალაქების არჩევის დროს ადამიანები, რამდენიმე სხვა ფაქტორთან ერთად, უსაფრთხოებასაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.

უსაფრთხო ქალაქის შერჩევას Numbeo-ს უსაფრთხოების ინდექსი ამარტივებს. პლატფორმა მსოფლიოს 424 ქვეყანას შესაბამის შეფასებას რამდენიმე კრიტერიუმით ანიჭებს. ესენია: კრიმინალის დონე, მარტო გადაადგილების უსაფრთხოება, ძარცვისა და ქურდობის შემთხვევები, ფიზიკური თავდასხმის სიხშირე, დისკრიმინაციის შემთხვევები, ნარკოტიკის მოხმარების დონე და სხვა. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ქალაქებს 0-დან 100-მდე ქულა ენიჭებათ.

ზედიზედ მერვე წელია მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქად აბუ-დაბი რჩება. არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში ადამიანთა დიდი ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ამიტომ კრიმინალის დონეც დაბალია. დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უცხოელებს დეპორტი ემუქრებათ, რაც ქალაქის უსაფრთხოებას ზრდის. და რადგან საამიროები ცნობილია, როგორც ძვირად ღირებული და მდიდრული მიმართულება, თაღლითობის შემთხვევებიც შედარებით ნაკლებია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

რიგით მეორე ყველაზე უსაფრთხო ქალაქი ასევე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებშია. მოგზაურების შეფასებით, აჯმანში ღამით გადაადგილება უსაფრთხოა, ავტომობილის მოპარვის, თავდასხმისა და ძალადობის შემთხვევები კი – მცირე. ქალაქის პოლიციამ კრიმინალის შემცირებისთვის არაერთი პროგრამა განახორციელა, შესაბამისად, აჯმანის კრიმინალური ინდექსი გაცილებით დაბალია, ვიდრე საამიროების სხვა ქალაქებში.

ქალაქი, რომელშიც მუდმივი მცხოვრებლების რაოდენობა მცირეა და უსაფრთხოების ინდექსით მაღალი ქულითაა შეფასებული – დოჰაა. Numbeo-ს შეფასებით, კატარის დედაქალაქში მოსახლეობის დიდი ნაწილი ასევე უცხო ქვეყნიდან მოდის, ამიტომ ტურისტებისთვის ეს მიმართულება უსაფრთხოა. თავად ქალაქიც ცდილობს, არ ჩამორჩეს არაბეთის ყურის ქვეყნების სხვა მიმართულებებს და თავის სერვისებს მუდმივად აუმჯობესებს.

დუბაი მსოფლიოში გამორჩეული ქალაქია, რომელიც ახალ მობინადრეებს კარიერული წინსვლისა და ცხოვრების მაღალი ხარისხის მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მიმართულებაა და უკვე ათწლეულებია, ამ სტატუსს ინარჩუნებს. მთავრობა მუდმივად უსვამს ხაზს, რომ მოქალაქეებისა და ვიზიტორების დაცვა პრიორიტეტია, რაც, თავის მხრივ, ქალაქში ტალანტებისა და ინვესტორების მოზიდვას უწყობს ხელს.

უსაფრთხოსა და ხელმისაწვდომის შერწყმა საამიროების მორიგ ქალაქში, შარჯაში დაგხვდებათ. ქალაქი იდეალურია როგორც მარტო, ისე ოჯახური ცხოვრებისთვის, რასაც პოლიციის ოფიცერთა მაღალი წარმომადგენლობა და სამეთვალყურეო კამერების სიხშირე განაპირობებს.

190 ათასი ადამიანით დასახლებული რას-ალ-ხაიმა არაბთა საამიროების რიგით მეექვსე ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, რომელიც როგორც საცხოვრებლად, ასევე ტურისტულად, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მიმართულებაა. 2022 წელს ქალაქში, საამიროებში პირველი “Safe City” პროექტიც განხორციელდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა საზოგადოებრივი და ეროვნული უსაფრთხოება.

მოგზაურთა შეფასებით, აზიურ ქალაქებში უსაფრთხოებითა და მეგობრული ხალხით ტაივანის დედაქალაქი ტაიბეი გამოირჩევა. ქალაქში დაბალია კრიმინალის დონე, გამართულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც ქვეყნის ფინანსურ, სამთავრობო და კულტურულ ცენტრს საცხოვრებლად ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად აქცევს.

პოლიტიკური სტაბილურობითა და კრიმინალის დაბალი დონით, შუა აღმოსავლეთის რეგიონში ომანი და მისი დედაქალაქი, მასკატი გამოირჩევიან. ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი სტუმარმასპინძლობა და პატივიცემაა, რაც მასკატის გარემოს გამორჩეულად მეგობრულს და უსაფრთხოს ხდის.

რეიტინგში პირველი ევროპული ქალაქი ჰააგაა, სადაც კრიმინალის დონე, სხვა ქალაქებთან შედარებით, დაბალია. გარდა იმისა, რომ ქალაქი პატარაა, რაც ახლო ურთიერთობებსა და საზოგადოებრიობას ზრდის, ჰააგას უსაფრთხოებას ისიც უზრუნველყოფს, რომ მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია სწორედ აქაა ბაზირებული. მათ შორისაა, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულებისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოები, რაც ქალაქში კანონის უზენაესობას ამყარებს. ჰააგა ხშირად მიიჩნევა მშვიდობისა და სამართლიანობის სიმბოლოდ.

ათეულს კიდევ ერთი ჰოლანდიური ქალაქი, ამჯერად ეინდჰოვენი ხურავს, სადაც ინდექსით შეფასებული სახიფათო კრიტერიუმების უმრავლესობა “დაბალ” ან “ძალიან დაბალ” შეფასებას იმსახურებს. მოგზაურთა შეფასებით უსაფრთხოა ქალაქში ღამით მარტო გადაადგილებაც. ეინდჰოვენში საცხოვრებელი ხარჯებიც უფრო დაბალია, ვიდრე, მაგალითად, ამსტერდამში, რაც ქალაქს ოჯახური ცხოვრებისთვის კარგ ალტერნატივად აქცევს.

რაც შეეხება საქართველოს, Numbeo-ს შეფასებაში თბილისი უსაფრთხოებით 47-ე ადგილზეა. დედაქალაქის უსაფრთხოების ინდექსი 74.47 ქულითაა შეფასებული, კრიმინალის ინდექსი კი 25 ქულით. ამასთან, სახიფათო ფაქტორების უმრავლესობა აქ “დაბალი” ანუ მწვანე შედეგით გამოირჩევა. გამონაკლისია მხოლოდ ბოლო 5 წელიწადში კრიმინალის ზრდის შეფასება, რომელიც 54 ქულას აღემატება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *