ახალი კლასის ნავები გაერთიანებენ გაერთიანებული სამეფოს წყალქვეშა ფლოტის დიზაინის გამოცდილებას, აშშ-ის მოწინავე სამხედრო-ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და ავსტრალიის განვითარებადი თავდაცვითი საჭიროებებს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია აშშ-ში შემუშავებული ბირთვული ძრავის სისტემა, რომელიც ნავებს უზრუნველყოფს პრაქტიკულად შეუზღუდავი რადიუსითა და ოპერაციული გამძლეობით — მათ შეუძლიათ წყალქვეშ ყოფნა თვეების განმავლობაში ზედაპირზე ამოსვლის გარეშე.
გარდა ამისა, ახალი წყალქვეშა ნავები აღიჭურვება ვერტიკალური გაშვების სისტემებით (VLS), რაც მათ მისცემს საშუალებას გაუშვან სხვადასხვა ტიპის გრძელმსროლელი და მაღალი სიზუსტის იარაღი, მათ შორის — Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები და, მომავალში, ჰიპერბგერითი შეიარაღებაც. ეს წარმოადგენს სერიოზულ გაუმჯობესებას შედარებით მოქმედ Astute-ის კლასთან, რომელიც შეზღუდულია მხოლოდ ტორპედოებით გაშვებული შეიარაღებით.
ახალი წყალქვეშა ნავები ქვეყნის ჯარში სწორედ არსებულ Astute-ის კლასის შვიდერთეულიან წყალქვეშა ნავებს ჩაანაცვლებს, რომელთა ექსპლუატაციის ვადა 2030-იანი წლების დასაწყისში ამოიწურება. გაერთიანებული სამეფო თავდაცვითი ძალების მოდერნიზაციაზე მუშაობს და წყალქვეშა ნავების განახლება ამ მხრივ ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი ნაბიჯია.
ქვეყნის თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერების გეგმა ლეიბორისტულმა პარტიამ შეიმუშავა, ხოლო უშუალოდ დოკუმენტზე UK-ის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ლორდ რობერტსონმა იმუშავა. დოკუმენტი 60-ზე მეტ რეკომენდაციას მოიცავს და მოსალოდნელია, რომ მთავრობა თითოეულ მათგანს გაითვალისწინებს.
პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის განცხადებით, რუსეთისგან მომდინარე საფრთხე „ვერ იქნება უგულებელყოფილი“, ხოლო კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად საუკეთესო გზა — ომისთვის მზადყოფნაა. პოლიტიკოსის თქმით, ლეიბორისტული მთავრობა NATO-ს სტრატეგიის ერთგულია, რაც ნიშნავს, რომ ყველა თავდაცვითი ინიციატივა ალიანსს გამოადგება.
პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება:
— 1.5 მილიარდი ფუნტის ინვესტიცია ექვსი ახალი ქარხნის მშენებლობაში, რათა შეიქმნას მუდმივად მოქმედი საბრძოლო მასალის საწარმოო სისტემა;
— 7,000 ერთეულამდე შორ მანძილზე სასროლი იარაღის, მათ შორის რაკეტების და დრონების ლოკალური წარმოება;
— ორი ახალი დეპარტამენტის — კიბერუსაფრთხოების და ელექტრომაგნიტური სარდლობის შექმნა, რომელიც გააძლიერებს როგორც თავდაცვით, ისე შეტევით შესაძლებლობებს ციფრულ სივრცეში;
— 1.5 მილიარდი ფუნტის გამოყოფა 2029 წლამდე სამხედრო საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის რემონტისთვის;
— 1 მილიარდი ფუნტი ახალი ტექნოლოგიებისთვის, რაც დააჩქარებს სამიზნეების განსაზღვრას და ბრძოლის ველზე რეაგირებას.
პარალელურად, გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება თავდაცვის ხარჯების გაზრდას აანონსებს, რაც 2027 წლისთვის მშპ-ის 2.5% გახდება. ამ იდეას ლეიბორისტები მხარს უჭერენ, ხოლო კონსერვატორების შეფასებით დანახარჯების მშპ-ის 3%-მდე უნდა გაიზარდოს. გამორიცხული არ არის, ეს მაჩვენებელი ზრდის მიმართულებით კიდევ ერთხელ გადაიხედოს.