ამჟამად მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივნის პოზიციას ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორე ვადით იკავებს – ორგანიზაციის ხელმძღვანელად ქართველი პირველი ვადით 2017 წელს, ხოლო მეორე ვადით 2021 წელს დაამტკიცეს და მისი უფლებამოსილება მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იწურება.
იმისთვის, რომ ორგანიზაციის საბჭომ გენერალურ ასამბლეას დირექტორის კანდიდატურა წარუდგინოს, 35 წევრიდან, სულ მცირე 18 ქვეყნის მხარდაჭერაა საჭირო. მას შემდეგ, რაც მინიმუმ 18 ქვეყანა ერთ კანდიდატს დაუჭერს მხარს, გაეროს ტურიზმის გენერალური ასამბლეა, რომელიც ნოემბერში შეიკრიბება, კანდიდატურას დაამტკიცებს.
35 ქვეყანა, რომლებიც 30 მაისს ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატს შეარჩევენ შემდეგია: არგენტინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, ბრაზილია, ბულგარეთი, კაბო-ვერდე, ჩინეთი, კოლუმბია, ხორვატია, ჩეხეთი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკის რესპუბლიკა, საქართველო, განა, საბერძნეთი, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, იტალია, იამაიკა, იაპონია, ლიეტუვა, მაროკო, მოზამბიკი, ნამიბია, ნიგერია, სამხრეთ კორეა, რუანდა, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, ტანზანია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ზამბია.
იქიდან გამომდინარე, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა უკვე მოხსნა, 35 ქვეყანა მომდევნო გენმდივანს ხუთი ნომინანტისგან შეარჩევს:
ჰაბიბ ამარი – ტუნისი
ჰაბიბ ამარი ამჟამად ტუნისის ტრანსპორტის სამინისტროში აღმასრულებელი მდივნის პოზიციას იკავებს. 2005-2008 წლებში ქვეყნის ტურიზმის სამინისტროში, ტურიზმის გაუმჯობესების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. მის კანდიდატურას ხელს უშლის ტუნისში არსებული არასტაბილური პოლიტიკური გარემო, რამაც ქვეყნის ტურიზმის სექტორიც შეაფერხა.
მუჰამედ ადამი – განა
2021 წლიდან 2024 წლის დეკემბრამდე მუჰამედ ადამი ესპანეთში განას ელჩის თანამდებობას იკავებდა.
შეიხა ალ-ნოვაისი – არაბთა გაერთიანებული საამიროები
შეიხა ალ-ნოვაისი კორპორაციული ურთიერთობების მენეჯმენტის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს Rotana Group-ის, სასტუმროების მმართველი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის, მფლობელებთან ერთად, რომელთა ოჯახის წევრიცაა. Rotana-ში დასაქმებამდე იგი სამი წლის განმავლობაში მუშაობდა აუდიტორულ ფირმაში – KPMG.
გლორია გუევარა – მექსიკა
გლორია გუავარა მექსიკის ტურიზმის საბჭოს გენერალური დირექტორის პოსტს ქვეყნის მემარჯვენე მთავრობის პერიოდში იკავებდა, შემდეგ კი მსოფლიოს მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დაიკავა. ამასთან, გუევარა საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრის სტრატეგიული მრჩეველიც არის.
ჰარი ტეოჰარისი – საბერძნეთი
ჰარი ტეოჰარისი 2019-2021 წლებში საბერძნეთის ტურიზმის მინისტრის პოსტს იკავებდა და სექტორის პანდემიის შემდგომ რევოლუცირებაზე მუშაობდა. მანამდე იგი საბერძნეთის საინფორმაციო სისტემების გენერალური მდივანი იყო.