ვიდეოგიგანტი, რომელიც 2006 წლიდან Google-ის მფლობელობაშია, 20 მილიარდზე მეტ ვიდეოს აერთიანებს. როგორც კომპანიის მიერ 20 წლის იუბილესთვის მიძღვნილ განცხადებაშია აღნიშნული, YouTube-ზე ყოველდღიურად 20 მილიონი ვიდეო იტვირთება და მომხმარებლის გამოხმაურებაც მაღალია: საშუალოდ, დღის განმავლობაში, Youtube-ზე განთავსებული ვიდეოები 3.5 მილიარდ “მოწონებას” იმსახურებენ.
Youtube-ის იუბილე ე.წ. “კრეატორთა ეკონომიკის” აღზევებასთან ერთად აღინიშნება. დღესდღეობით მილიონობით “ინფლუენსერი” ფულს სწორად Youtube-ზე განთავსებული ვიდეოების საშუალებით, გამოწერის სერვისითა და რეკლამებით გამოიმუშავებს. კვლევით ცენტრ Goldman Sachs-ის პროგნოზით, “კრეატორთა ეკონომიკა” 2027 წლისთვის $480 მილიარდს მიაღწევს. ამ პროცესში Youtube-ის როლი შეუფასებელია. პლატფორმაზე “პარტნიორების პროგრამა” 2007 წლიდან დაიწყო და მომხმარებლებს სამოყვარულო დონეზე გადაღებული ვიდეოებით შემოსავლის გენერირების საშუალება მისცა. როგორც Youtube-ის CEO ნილ მოჰანმა აღნიშნა, 2021-2024 წლებში პლატფორმამ თავის კრეატორებს ჯამურად $70 მილიარდი გადაუხადა.
Youtube ასევე შესანიშნავი პლატფორმაა დამწყები მუსიკოსებისთვის. სწორედ ამ პლატფორმამ შეუწყო ხელი ისეთი არტისტების პოპულარობის ზრდას, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი, ჩარლი პუსი და სხვა. ამის ხელშემწყობი Youtube-ის პოლიტიკაა, რომლის ფარგლებშიც პლატფორმაზე მუსიკის მოსმენა უფასოდაა შესაძლებელი.
დღეს Youtube-ზე რამდენიმე ათეული არტისტის 300-ზე მეტი მუსიკალური კლიპია განთავსებული, რომელთა ნახვების რაოდენობაც მილიარდს აღემატება. მათ შორისაა ადელის “Hello”, ედ შერანის “Shape of You” და ლუი ფონსის “Despacito”.
პლატფორმა არც სხვადასხვა ტიპის გასართობი პროგრამების პოპულარობის ზრდის ტენდენციას ჩამორჩება. დღეს Youtube ერთ-ერთი მთავარი მასპინძელია ასობით პოდკასტისა, რომელთა მოსმენასაც, კომპანიის ინფორმაციით, 2024 წელს მომხმარებლებმა 400 მილიონი საათი დაუთმეს.
CNBC-ის ინფორმაციით, Youtube რომ დამოუკიდებელი ფირმა იყოს, დღეს მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $550 მილიარდ დოლარამდე იქნებოდა და უმსხვილესი მედიაკომპანიაც გახდებოდა. Youtube ტრაფიკის მიხედვით, მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე პოპულარული ვებსაიტია, სესიების ხანგრძლივობით კი – პირველი. ერთ ვიზიტზე მომხმარებელი აქ 20 წუთზე მეტ დროს ატარებს.
პლატფორმას სატელევიზიო მიმართულებაც აქვს, რომლის გაუმჯობესებასაც მიმდინარე წლის ზაფხულში გეგმავს.